თბილისი, 7 დეკემბერი — Sputnik. აშშ-ის წინადადებას, გაირიცხოს რუსეთი G20-დან, ყველა ქვეყანა არ დაუჭერს მხარს, ვინაიდან დიალოგი აუცილებელია, განაცხადა რუსეთის დუმის საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის წარმომადგენელმა ალექსეი ჩეპამ.
„რუსეთის გარიცხვას ყველა ქვეყანა არ დაუჭერს მხარს, რადგან ესმით, რომ ეს ისედაც დაძაბულ საერთაშორისო ვითარებას კიდევ მეტად გაამწვავებს. თანაც ყველა საღად მოაზროვნე პოლიტიკოსს ესმის, რომ დიალოგი და საუბარი აუცილებელია“, — აღნიშნა ჩეპამ.
ამასთან, მისი თქმით, G20 არაფორმალური სამიტია, საიდანაც რუსეთის გარიცხვა შეუძლებელია. ჩეპას აზრით, შეერთებულ შტატებს მხოლოდ ზეწოლის მოხდენა შეუძლია ორგანიზატორებზე, რათა მათ რუსეთი შეხვედრაზე არ მიიწვიონ.
მანამდე აშშ-ის მთავრობამ 2023 წლის თავდაცვის ბიუჯეტის პროექტი გამოაქვეყნა, რომლის თანახმად, შეერთებული შტატები გეგმავს, მაქსიმალურად შეუშალოს ხელი რუსეთის თანამშრომლობას G20-თან, საბანკო ზედამხედველობის ბაზელის კომიტეტთან, ფინანსური სტაბილურობის საბჭოსთან, სადაზღვევო ზედამხედველობის საერთაშორისო ასოციაციასთან, ფასიანი ქაღალდების კომისიის საერთაშორისო ორგანიზაციასთან.
აშშ-ის 2023 წლის თავდაცვის ბიუჯეტის პროექტი, რომელიც აშშ-ის კონგრესის სენატმა 6 დეკემბერს შეათანხმა, 847,3 მილიარდ დოლარს მოიცავს. აქედან 800 მილიონი უკრაინის სამხედრო დახმარებისთვისაა განკუთვნილი.