თბილისი, 7 დეკემბერი — Sputnik. ბელარუსის პარლამენტის ქვედა პალატამ პირველი მოსმენით მიიღო კანონპროექტი, რომელიც სიკვდილით დასჯის შესაძლებლობას ითვალისწინებს საჯარო მოხელის მიერ ჩადენილი სახელმწიფო ღალატისთვის.
გავრცელებული ინფორმაციით, ცვლილების შეტანა ბელარუსის სისხლის სამართლის კოდექსის 356-ე მუხლში იგეგმება. ბელარუსში ამჟამად მოქმედი კანონის თანახმად, სახელმწიფოს ღალატი ისჯება თავისუფლების აღკვეთით 10-დან 20 წლამდე ვადით.
„კანონპროექტით შემოთავაზებულია სასჯელის გამონაკლისი ღონისძიების გამოყენების შესაძლებლობა სახელმწიფოს ღალატისთვის, რომელიც ჩადენილია სახელმწიფო საჯარო თანამდებობის, ან სამხედროს სტატუსს დაქვემდებარებული პირის მიერ“, — ნათქვამია ბელარუსის პარლამენტის ქვედა პალატის Telegram-არხზე.
დეპუტატების თქმით, კანონპროექტი გააჩენს საშუალებას, გამოჩნდეს „მტკიცე ბრძოლა სახელმწიფოს ღალატის წინააღმდეგ“ და ამას „შემაკავებელი ეფექტი ექნება დესტრუქციულ ელემენტებზე“.
ბელარუსი ამჟამად ერთადერთი ქვეყანაა ევროპაში, სადაც სიკვდილით დასჯა გამოიყენება. 1996 წლის რეფერენდუმზე ბელარუსელებმა ხმა მისცეს სიკვდილით დასჯის დატოვებას. ამ ზომას მხარი კენჭისყრაში მონაწილეთა 80,5%-მა დაუჭირა. სასამართლოს განაჩენით, სასჯელი ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით აღესრულება. სიკვდილით დასჯა არ შეიძლება დაენიშნოს ქალს, არასრულწლოვანს, ასევე 65 წელს გადაცილებულ მამაკაცს.
2021 წელს ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ განაცხადა, რომ ქვეყანაში შესაძლოა ცალკე საყოველთაო კენჭისყრა ჩატარდეს სიკვდილით დასჯის გაუქმებაზე.