თბილისი, 6 დეკემბერი – Sputnik. საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადებაზე სასამართლო პარასკევს, 9 დეკემბერს იმსჯელებს. აღნიშნულის შესახებ სააკაშვილის ერთ-ერთმა ადვოკატმა ილია ლომიამ განაცხადა.
ექს-პრეზიდენტის ადვოკატებმა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო სასჯელის გადავადების შუამდგომლობით სასამართლოს 1 დეკემბერს მიმართეს.
შუამდგომლობას მოსამართლე გიორგი არევაძე განიხილავს. სასამართლო სხდომა 13:00 საათზე დაიწყება.
საქართველოს კანონმდებლობით, ავადმყოფობის გამო სასჯელისგან გათავისუფლების ან სასჯელის გადავადების გადაწყვეტილებას იღებს სასამართლო სამედიცინო კომისიის დასკვნის საფუძველზე, რომელშიც საუბარია სასიკვდილო შედეგის მაღალ რისკზე ან სასიცოცხლო პარამეტრების შენარჩუნების სირთულეზე სასჯელის მოხდის პირობებში.
1 დეკემბერს ფსიქო–რეაბილიტაციის ცენტრმა „ემპათიამ“ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნა გამოაქვეყნა. 194-გვერდიან დოკუმენტზე ათი ქართველი და ექვსი უცხოელი სპეციალისტი მუშაობდა.
ცენტრ „ემპათიის“ ხელმძღვანელის მარიამ ჯიშკარიანის განცხადებით, ექს-პრეზიდენტს აღენიშნება სიმპტომები და დიაგნოზები, დაკავშირებული ნეიროფსიქიკურ, გასტრო-ენტეროლოგიურ, ასევე საყრდენ-მამოძრავებელ სისტემებთან. აგრეთვე პრობლემები მხედველობის მხრივ, დაუდგენელი ეტიოლოგიის ცხელება, ანორექსია, წონაში სწრაფი კლება, კუნთების, სახსრების, ძვლების ტკივილი.
ჯიშკარიანის თქმით, სააკაშვილს მთელ სხეულზე აღენიშნება ნაკაწრები – ფხანის კვალი, კუნთების განლევა, რომელიც შეიძლება წარმოადგენდეს დაუდგენელი ინფექციური პროცესის ან შესაძლო ინტოქსიკაციის შედეგს.
სააკაშვილი საქართველოში უკრაინიდან არალეგალურად 2021 წლის 29 სექტემბერს დაბრუნდა. ის 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს.
თბილისის საქალაქო სასამართლო მის წინააღმდეგ განიხილავს სამ საქმეს – სახელმწიფო სახსრების გაფლანგვის, 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დარბევისა და საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის საქმეებს.
მას უკვე მისჯილი აქვს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალების საქმეებზე.