საქართველოსა და შვეიცარიას შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა

შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის ტურიზმის სფეროში ორმხრივი ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს.
Sputnik
თბილისი, 6 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასა და შვეიცარიის ტურიზმის სახელმწიფო ორგანიზაციას შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.
ქალაქ ციურიხში მემორანდუმს ხელი მოაწერეს საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პირველმა მოადგილემ თამარ ყორიაულმა და შვეიცარიის ტურიზმის ორგანიზაციის სპეციალური პროექტებისა და მიმართულებების დირექტორმა ფედერიკო სომარუგამ.

ურთიერთგაგების მემორანდუმი მიზნად ისახავს საქართველოსა და შვეიცარიას შორის ტურიზმის სფეროში სამომავლო თანამშრომლობის კიდევ უფრო გაძლიერებას და სათავგადასავლო და ზამთრის ტურიზმის მიმართულებით ორი ქვეყნის გამოცდილების გაზიარებას.

მემორანდუმის ფარგლებში ასევე განიხილეს მომსახურების სფეროს წარმომადგენელთათვის შვეიცარიაში საგანმანათლებლო-სასწავლო ტრენინგების ჩატარების შესაძლებლობები, რაც ტურიზმის სფეროში დასაქმებული უცხოელი კოლეგებისგან ევროპული გამოცდილების მიღების საუკეთესო შესაძლებლობა იქნება.
ვიზიტის ფარგლებში თამარ ყორიაულმა თემატური შეხვედრები გამართა შვეიცარიის კონფედერაციის ტურიზმისა და მასპინძლობის, აგრეთვე ჯანდაცვისა და განათლების სექტორის წარმომადგენლებთან.
შეხვედრებს საქართველოს მხრიდან ასევე ესწრებოდნენ შვეიცარიაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი რევაზ ლომინაძე და საქართველოს მთის ტრასების სააგენტოს ხელმძღვანელი ირაკლი ბურჭულაძე.