ქართველ მეზღვაურებს სამუშაო გაუმარტივდებათ - პრემიერი ახალი ინიციატივის შესახებ

მეზღვაურები საქართველოს მიერ გაცემულ საბუთებს 73 საზღვაო სახელმწიფოში გამოიყენებენ, მათ შორის ევროკავშირის 20 ქვეყანაში.
Sputnik
თბილისი, 6 დეკემბერი – Sputnik. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ მოამზადა კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც მეზღვაურების საქმიანობა კიდევ უფრო დაფასდება და გამარტივდება, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე.
ეკონომიკის სამინისტრომ შეიმუშავა ახალი კანონი „მეზღვაურთა შრომის შესახებ“, რომელიც გამომდინარეობს საქართველოს გადაწყვეტილებიდან, შეუერთდეს „საზღვაო ნაოსნობაში შრომის შესახებ საერთაშორისო კონვენციას“. აღნიშნული კონვენცია 2006 წლის 23 თებერვალს ჟენევაში შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის გენერალური კონფერენციის 94-ე სესიაზე მიიღეს. ის აერთიანებს 1,2 მლნ მეზღვაურს და მათ სოციალურ და შრომით უფლებებს იცავს.

„მეზღვაურების საქმიანობა არის მხარდაჭერილი მთავრობის მიერ, ჩვენ ბოლო წლების განმავლობაში ძალიან ბევრი კარგი რეფორმა განვახორციელეთ მათთვის და ახლაც, დღევანდელი ინიციატივით, კიდევ უფრო მეტად დავაფასებთ და გავუმარტივებთ მათ საქმიანობას“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

პრემიერის თქმით, მეზღვაურები საქართველოს მიერ გაცემულ საბუთებს 73 საზღვაო სახელმწიფოში გამოიყენებენ, მათ შორის ევროკავშირის 20 ქვეყანაში, რომლებიც საქართველოს მიერ გაცემულ მეზღვაურთა სერტიფიკატებს და მათ საბუთებს აღიარებენ.
ეკონომიკის მინისტრის ლევან დავითაშვილის თქმით, აღნიშნული ინიციატივა სხვადასხვა ქვეყნის დროშით მცურავ გემებზე ქართველ მეზღვაურთა პირობებს გააუმჯობესებს, შეუქმნის მათ დამატებით სოციალურ გარანტიებს და დაიცავს მათ უფლებებს.
„ეს ჩვენი დროშის რეპუტაციას კიდევ უფრო გაზრდის, ასევე გაზრდის ქართველ მეზღვაურებზე მოთხოვნას და აამაღლებს მათ პრესტიჟს“, – განაცხადა დავითაშვილმა მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.
ქართველი მეზღვაურები ნიდერლანდის დროშით მცურავ გემებზე დასაქმებას შეძლებენ >>
მინისტრის თქმით, საქართველოში დაახლოებით 14 ათასი მეზღვაურია და მათი როლი საქართველოს ეკონომიკაში საკმაოდ დიდია. მათი წყალობით ქვეყანა წელიწადში 200 მლნ დოლარზე მეტ შემოსავალს იღებს.
საქართველოს ხელისუფლება აქტიურად მუშაობს მეზღვაურთა განათლების გაუმჯობესებაზე, რათა მათ დასაქმება გაუმარტივდეთ. საქართველოში ამჟამად ხუთი საგანმანათლებლო დაწესებულებაა, რომელიც ამზადებს პროფესიონალებს, რომელთა საქმიანობაც უშუალოდ ზღვას უკავშირდება.
საზღვაო განათლება იყოფა სამ ეტაპად და ყოველ ორ წელიწადში ერთხელ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო ამოწმებს სასწავლო პროგრამების შესაბამისობას საერთაშორისო სტანდარტებთან. ამასთან, თავად მეზღვაურებს ევალებათ ხუთ წელიწადში ერთხელ გაიარონ სავალდებულო გადამზადების კურსი.