შალვა პაპუაშვილი ნიდერლანდებსა და ლუქსემბურგს ეწვევა

შალვა პაპუაშვილი ნიდერლანდების სამეფოს წარმომადგენლობითი პალატის პრეზიდენტ ვერა ბერგკამპს და სენატის პრეზიდენტ იან ბრუაინს შეხვდება.
Sputnik
თბილისი, 4 დეკემბერი - Sputnik. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად 5-8 დეკემბერს ვიზიტით ნიდერლანდების სამეფოსა და ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოს ეწვევა, იუწყება საკანონმდებლო ორგანოს პრესსამსახური.
პრესსამსახურის ინფორმაციით, შალვა პაპუაშვილი ნიდერლანდების სამეფოს წარმომადგენლობითი პალატის პრეზიდენტ ვერა ბერგკამპს და სენატის პრეზიდენტ იან ბრუაინს შეხვდება.
ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრა სისხლის სამართლის სფეროში ევროკავშირის სამართლებრივი თანამშრომლობის სააგენტოს (EUROJUST) პრეზიდენტ ლადისლავ ჰამრანთან. პარლამენტის თავმჯდომარე შეხვედრას გამართავს ლუქსემბურგის დეპუტატთა პალატის სპიკერ ფერნანდ ეტგენთან.
გარდა ამისა, ორმხრივი შეხვედრები ლუქსემბურგის დეპუტატთა პალატის წარმომადგენლებთან გაიმართება.
შალვა პაპუაშვილი ევროპული კავშირის მართლმსაჯულების სასამართლოს პრეზიდენტს, კოენ ლენაერტს შეხვდება.
საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად დეპუტატები მაკა ბოჭორიშვილი, გიორგი ამილახვარი, ხატია წილოსანი, რიმა ბერაძე, ელგუჯა გოცირიძე და ხათუნა სამნიძე შედიან.
მანამდე, 29 ნოემბერს, შალვა პაპუაშვილი საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში სამუშაო ვიზიტით გერმანიაში იმყოფებოდა. პარლამენტის თავმჯდომარე ბუნდესტაგის პრეზიდენტს ბერბელ ბასს და ბუნდესტაგის ევროკავშირის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს ანტონ ჰოფრაიტერს შეხვდა.
გერმანიაში ვიზიტს წინ უძღოდა სპიკერის ვიზიტი ესპანეთსა და პორტუგალიაში 23 ნოემბერს.