ღამით რუსთაველის გამზირი ჩაიკეტება: როგორ იმოძრავებენ ავტომობილები

Sputnik
თბილისი 2 დეკემბერი — Sputnik. რუსთაველის გამზირზე, პირველი რესპუბლიკის მოედნიდან თავისუფლების მოედნამდე არსებულ მონაკვეთში 2 და 3 დეკემბერს, ღამის 00:00-დან 06:00 საათამდე ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება, იუწყება თბილისის მერია.
ამის მიზეზი საახალწლო ილუმინაციების სამონტაჟო სამუშაოებია.
როგორც მერიის განცხადებაშია ნათქვამი, ავტომობილების მოძრაობა შესაძლებელი იქნება ლეონიძის, ინგოროყვას, ალექსანადრე ჭავჭავაძის, გრიბოედოვის, ბარათაშვილისა და თაბუკაშვილის ქუჩების გამოყენებით.
ამასთან მელიქიშვილის გამზირიდან მთაწმინდის დანარჩენი ქუჩების მიმართულებით მოძრაობა დაიშვება ჯანაშიას, თარხნიშვილის, ტატიშვილის, ჭოველიძის, ზანდუკელის ქუჩების გავლით და შემდეგ ბარნოვის, გოგებაშვილისა და კაკაბაძეების ქუჩების გამოყენებით.
მთაწმინდის რაიონის სხვა ქუჩებიდან მელიქიშვილის გამზირსა და მეტროს სადგურ „რუსთაველის“ ტერიტორიაზე მოხვედრა შესაძლებელი იქნება გრიბოედოვის, მაყაშვილის, ბარნოვისა და შანიძის ქუჩების გავლით.
რაც შეეხება თავისუფლების მოედანს, იქიდან მოძრაობა მხოლოდ რუსთაველის გამზირის მიმართულებით იქნება შეზღუდული.
მეტროს სადგურ „რუსთაველის“ მიმდებარე ტერიტორიიდან თავისუფლების მოედნისკენ მიმავალი კერძო ავტომობილები რუსთაველის გამზირზე, ზეთისხილის ხესთან მობრუნების შემდეგ მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩისა და მტკვრის მარჯვენა სანაპიროს საშუალებით იმოძრავებენ.