თბილისი 2 დეკემბერი — Sputnik. ინდონეზიის პარლამენტი ქვეყნის სისხლის სამართლის კოდექსის ახალ ვერსიას განიხილავს, რომლის ერთ-ერთი მუხლიც ქორწინების გარეშე სექსს სისხლის სამართლის დანაშაულად აცხადებს, იუწყება სააგენტო Reuters.
გავრცელებული ინფორმაციით, აღნიშნული დანაშაული ერთ წლამდე თავისუფლების აღკვეთით დაისჯება.
გარდა ამისა, შეზღუდვები შეეხება შეყვარებულ წყვილებსაც: ახალი კანონით, რომელსაც, სავარაუდოდ, 15 დეკემბერს მიიღებენ, მათ ქორწინებამდე ერთად ცხოვრება აეკრძალებათ.
„ჩვენ ვამაყობთ იმით, რომ ახალი კოდექსი ინდონეზიურ ფასეულობებს შეესაბამება“, — განაცხადა ქვეყნის იუსტიციის მინისტრის მოადგილემ ედუარდ ომარ შარიფ ჰიარეჯმა.
გარდა ამისა, განახლებულ სისხლის სამართლის კოდექსში ასევე შევა მუხლი ქვეყნის პრეზიდენტისა და სახელმწიფო ხელისუფლებისთვის შეურაცხყოფის მიყენების შესახებ. ასეთი ქმედებისთვის კანონი სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ამასთან, უცვლელი რჩება მუხლი, რომელიც აბორტებსა (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ორსულობა გაუპატიურების შედეგია) და „ჯადოქრობასა და შავ მაგიას“ უკანონოდ ცნობს.
იმ შემთხვევაში, თუ პარლამენტი ახალ კოდექსს მიიღებს, აკრძალვები, ინდონეზიის მოქალაქეების გარდა, უცხოელ სტუმრებსაც შეეხებათ.
წყარო: Reuters