უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა

უკრაინაში მიმდინარე საომარ მოქმედებებს უკვე 27 ქართველი მებრძოლის სიცოცხლე ემსხვერპლა.
Sputnik
თბილისი, 1 დეკემბერი – Sputnik. უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი, ჯამბულათ ხოფერია დაიღუპა, იუწყება „პირველი არხი“.
არსებული ინფორმაციით, ქართველი მებრძოლი რამდენიმე დღის წინ ქიმიური ნივთიერებით მოიწამლა და საავადმყოფოში გარდაიცვალა.
ინფორმაცია ჯამბულათ ხოფერიას დაღუპვის შესახებ მისმა მამამ, არჩილ ხოფერიამ სოციალურ ქსელში გაავრცელა. დაღუპულის ოჯახი გურიიდან, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ გვიმბალაურიდანაა.
უკრაინაში მიმდინარე საომარ მოქმედებებს უკვე 27 ქართველი მებრძოლის სიცოცხლე ემსხვერპლა.
საქართველოს ხელისუფლებამ თავიდანვე განაცხადა, რომ მოხალისეების უკრაინაში გამგზავრებას ორგანიზებას ვერ გაუკეთებდა. ამასთან აღინიშნა, რომ სახელმწიფო ვერ აუკრძალავს ვერცერთ მოქალაქეს, ინდივიდუალურად თუ აქვს ვინმეს სურვილი, მიიღოს მონაწილეობა უკრაინაში მიმდინარე საომარ მოქმედებებში.
24 თებერვალს რუსეთმა „სამხედრო სპეცოპერაცია“ წამოიწყო უკრაინის „დემილიტარიზაციისა და დენაციფიკაციის მიზნით“. ამის საპასუხოდ დასავლეთის ქვეყნებმა მოსკოვის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი სანქციები გამოაცხადეს, რომელთა დაწესება ამ დრომდე მიმდინარეობს.