საქართველოში ICOMOS-ის მისია ჩამოვიდა: რა ხდება გელათის ირგვლივ?

უკვე რამდენი წელია ქვეყანაში უნიკალური ძეგლის გადასარჩენად ადგილობრივი და უცხოელი სპეციალისტები იბრძვიან.
Sputnik
თბილისი, 1 დეკემბერი – Sputnik. გელათის სამონასტრო კომპლექსში ჩატარებული სამუშაოების შესაფასებლად ქვეყანას ძეგლებისა და ღირსშესანიშნავი ადგილების საერთაშორისო საბჭოსა (ICOMOS) და კულტურული ფასეულობების დაცვისა და რესტავრაციის საერთაშორისო ცენტრის (ICCROM) მრჩეველთა ერთობლივი მისია ეწვია.
საქართველოს კულტურის სამინისტროს მოწვევით ჩამოსული მრჩეველთა ერთობლივი მისიის შემადგენლობაში არიან: ალკივიადეს პრეპისი – ICOMOS-ის მრჩეველი არქიტექტურის მიმართულებით, ვალერი მაგარი – ICCROM-ის პროგრამების განყოფილების მენეჯერი (კედლის მხატვრობის სპეციალისტი) და ირენა კაკეტი – UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრის (WHC) ევროპისა და ჩრდილოეთი ამერიკის პროგრამების სპეციალისტი. მისია საქართველოში 2 დეკემბრამდე დარჩება.
გელათი
მისიის მიზანია შეაფასოს გელათის სამონასტრო კომპლექსის კონსერვაციის საერთო მდგომარეობა, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მიერ 2021 და 2022 წლებში კონსერვაციის გასაუმჯობესებლად ჩატარებული სამუშაოები, ღვთისმშობლის ტაძრის მკლავებში კედლის მხატვრობის კონსერვაცია-რესტავრაციისთვის გამოყენებული მეთოდები და მასალები, ასევე საქართველოს კულტურის სამინისტროს მიერ მოწვეულ ექსპერტთა ჯგუფების მიერ ჩატარებული კვლევების შედეგები.

„მოწვეული ექსპერტები გასცემენ შესაბამის რეკომენდაციებს და სწორედ მათ რეკომენდაციებზე დაყრდნობით და ქართველ ექსპერტებთან კონსულტაციით შეიმუშავებს შემდგომ სამოქმედო გეგმას კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო“, – ნათქვამია კულტურის სამინისტროს განცხადებაში.

უნიკალურ სამონასტრო კომპლექსში რთული ვითარება 2019 წელს გადახურვის უხარისხოდ ჩატარებული სამუშაოების გამო შეიქმნა.
არაკეთილსინდისიერად შესრულებული სამუშაოების გამო გელათის სამონასტრო კომპლექსის ღვთისმშობლის ტაძრის კრამიტით გადახურული სახურავიდან წყლის ჟონვა დაიწყო. ძეგლის დაზიანებისგან დასაცავად სახურავი დროებით თუნუქით გადახურეს. იმ დროიდან გელათის გადასარჩენად ადგილობრივი და უცხოელი სპეციალისტები იბრძვიან.
გელათი
ტაძარში დროებითი გადახურვისთვის მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარე წლის 13 მაისს დაიწყო და აგვისტოს შუა რიცხვებში დასრულდა. ტაძრის მკლავებსა და თაღებში დარჩენილი ტენიანობის აღმოსაფხვრელად ტაძრის სახურავის ამ არეალში 2020 წელს მოწყობილი დამცავი დროებითი ლითონის საფარისა და 2008 წლის პროექტის მიხედვით ხარვეზებით დაგებული მოჭიქული კრამიტის სახურავის მოხსნა და ახალი დროებითი გადახურვის მოწყობა UNESCO-ს მაღალკვალიფიციური ექსპერტების კვლევებისა (მათ შორის, ჰიგრომეტრიული) და რეკომენდაციების შესაბამისად დაიგეგმა.
ცნობილ კლიმატოლოგ ალესანდრო მასარისა და მსოფლიო დონის არქიტექტორ-რესტავრატორის, პროფესორ უგო ტონიეტის მიერ 2022 წლის 27 იანვარს გაიცა რეკომენდაცია, რომლის მიხედვით, აუცილებელი იყო ზაფხულში გელათის ძირითადი ტაძრის დასავლეთ მკლავზე ხარვეზიანი კრამიტის საფარის მოხსნა კედლებსა და თაღებში დარჩენილი ტენიანობის ზემოდან ასაორთქლებლად, ვინაიდან აორთქლება მხოლოდ ტაძრის შიგნიდან მიმდინარეობდა, რაც აფერხებდა ტაძრის დასავლეთ მკლავში შრობის პროცესს და ამით საფრთხეს უქმნიდა კედლის მხატვრობას.
„მე ვერ ვაგებ პასუხს“ - თეა წულუკიანი გელათის ტაძრის გადარჩენაზე
ანუ, ალესანდრო მასარისა და უგო ტონიეტის რეკომენდაციით, საჭირო იყო ახალი დროებითი გადახურვა (რომელიც სახურავის ზედაპირისგან დაშორებული იქნებოდა), რაც გაკეთდა კიდეც მიმდინარე წლის ზაფხულში. რაც შეეხება კედლის მხატვრობას, მასზე ზრუნვა UNESCO-ს ექსპერტების პირველივე მისიის საქართველოში ჩამოსვლიდან (2021 წლის ივნისი) დაიწყო და კედლის მხატვრობის კონსერვაციის სამუშაოები მიმდინარე წლის ოქტომბრის დასაწყისში შეჩერდა.
დროებით გადახურვასაც და სამონასტრო კომპლექსის ძირითად ტაძარში დასავლეთ მკლავის კამარის დაზიანებული კედლის მხატვრობის გადასარჩენად კვლევებზე დაფუძნებული მეთოდის გამოყენებით ჩატარებულ სამუშაოებსაც სპეციალურად ამ მიზნით კულტურის სამინისტროს მიერ მოწვეული UNESCO-ს ექსპერტთა ჯგუფი ზედამხედველობდა (ძეგლის გადახურვის სპეციალისტები – პროფესორი უგო ტონიეტი და სარა სტეფანინი, კლიმატოლოგი ალესანდრო მასარი და კედლის მხატვრობის სპეციალისტი მარიო პულიერი).

„აღსანიშნავია, რომ იტალიელ სპეციალისტთა ეს ჯგუფი კულტურის სამინისტროს მოწვევით გელათში 13 თვის წინ ჩამოვიდა და ძირითადი ტაძრის დასავლეთ მკლავის ყველაზე დაზიანებული მხატვრობა ჩამოცვენა/განადგურებას გადაარჩინა. მათ შორის იყო მაცხოვრის სახეც. ნიშანდობლივია, რომ მხატვრობის ეს ნაწილი დღესაც უცვლელად არის შენარჩუნებული, რაც გამოყენებული მეთოდის სისწორეზე მეტყველებს“, – ნათქვამია განცხადებაში.

უწყებაში ადასტურებენ, რომ ამჟამად ტაძარში წყლის ინფილტრაცია სრულად აღმოფხვრილია და კედლის მხატვრობის ჩამოშლაც – შეჩერებული. ამასთან, ოპტიმალურად მიმდინარეობს კედლების შრობის პროცესი მას შემდეგ, რაც იუნესკოს სპეციალისტების რჩევით ტაძრის სახურავის ერთი ნაწილიდან მოიხსნა მოჭიქული კრამიტი და ნესტის აორთქლება ზემოდანაც გახდა შესაძლებელი.
გელათის ღვთისმშობლის სახელობის მონასტერი ქუთაისში — საქართველოში შუა საუკუნეების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ძეგლია, საეკლესიო და კულტურული ცხოვრების ცენტრი, XVI საუკუნის მეორე ნახევრიდან 1814 წლამდე კათოლიკოსის რეზიდენცია, 1994 წლიდან — მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი.
დაარსებულია 1106 წელს დავით აღმაშენებლის მიერ და ის მისი განსასვენებელი გახდა.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს