თბილისი, 1 დეკემბერი – Sputnik. 81 წლის ასაკში გარდაიცვალა თეატრისა და კინოს მსახიობი, საქართველოს დამსახურებული არტისტი ნუგზარ შარია. ინფორმაციას შემოქმედებითი კავშირი „საქართველოს თეატრალური საზოგადოება“ ავრცელებს.
ნუგზარ შარია 1970 წელს ტურისტულ მოგზაურობაში გაემგზავრა კუბაზე, მაროკოსა და საფრანგეთში. პარიზში მან პოლიტიკური თავშესაფარი ითხოვა. მისი თხოვნა დააკმაყოფილეს და მუშაობა დაიწყო რადიო „თავისუფალი ევროპისა“ და „თავისუფლების“ პარიზის განყოფილებაში. 1971 წელს გადასახლდა ნიუ-იორკში, სადაც მუშაობა განაგრძო აღნიშნულ რადიოებში, ასევე „ამერიკის ხმაში“ და იმავდროულად ნიუ-იორკისა და კოლუმბიის უნივერსიტეტებში კითხულობდა ლექციებს კინორეჟისურაზე.
ნუგზარ შარია რამდენიმე წელი გერმანიაშიც, ქალაქ მიუნხენში ცხოვრობდა, სადაც იმავე რადიოებში აგრძელებდა მუშაობას. საქართველოსა და გერმანიის სახალხო არტისტი, ორგანიზაცია ''კავკასიის ხალხების გაერთიანების'' საპატიო პრეზიდენტი პარალელურად ფილმებშიც მონაწილეობდა და წერდა სცენარებს. „ხევისბერი გოჩა“, „პალიასტომი“, „აბესალომ და ეთერი“, „ენგურის ნაპირებზე“ – ფილმებში, რომლებშიც მან ითამაშა, თავისი ნიშანი დატოვა. ყველა მისი გმირი პრინციპული ხასიათით გამოირჩევა.
ორი წლის წინ, 2020 წლის თებერვალში ამერიკაში მოღვაწე რეჟისორი ნუგზარ შარია „ოსკარების“ ჟიურის შეკრებაზე ჟიურის თავჯდომარედ აირჩიეს.