თბილისი, 1 დეკემბერი — Sputnik. ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ თბილისის საქალაქო სასამართლოს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სასჯელისგან გათავისუფლების შესახებ შუამდგომლობით მიმართა.
საქართველოს კანონმდებლობით, ავადმყოფობის გამო სასჯელისგან გათავისუფლების ან სასჯელის გადავადების გადაწყვეტილებას იღებს სასამართლო სამედიცინო კომისიის დასკვნის საფუძველზე, რომელშიც საუბარია სასიკვდილო შედეგის მაღალ რისკზე ან სასიცოცხლო პარამეტრების შენარჩუნების სირთულეზე სასჯელის მოხდის პირობებში.
„ჩვენი მოთხოვნაა (სააკაშვილის) სასჯელისგან გათავისუფლება, ვინაიდან მისი დაავადებები გათვალისწინებულია ჯანდაცვის მინისტრის იმ შესაბამისი ბრძანებით, რომელიც სახელმწიფოს ავალდებულებს მოხდეს სასჯელისგან გათავისუფლება. თუმცა, ალტერნატივის სახით დაყენებული გვაქვს სასჯელის გადავადებაც“, – განაცხადა ხაჭაპურიძემ.
მისი თქმით, სასამართლო პენიტენციური დაწესებულებიდან სააკაშვილის პირად საქმეს გამოითხოვს.
„როგორც წესი, ამისთვის დაახლოებით 7-10 დღეა საჭირო და ამის შემდეგ ჩაინიშნება პროცესი“, – აღნიშნა ხაჭაპურიძემ.
დღეს ფსიქო–რეაბილიტაციის ცენტრმა „ემპათიამ“ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნა გამოაქვეყნა. 194-გვერდიან დოკუმენტზე ათი ქართველი და ექვსი უცხოელი სპეციალისტი მუშაობდა.
ცენტრ „ემპათიის“ ხელმძღვანელის მარიამ ჯიშკარიანის განცხადებით, ექს-პრეზიდენტს აღენიშნება სიმპტომები და დიაგნოზები, დაკავშირებული ნეიროფსიქიკურ, გასტრო-ენტეროლოგიურ, ასევე საყრდენ-მამოძრავებელ სისტემებთან. აგრეთვე პრებლემები მხედველობის მხრივ, დაუდგენელი ეტიოლოგიის ცხელება, ანორექსია, წონაში სწრაფი კლება, კუნთების, სახსრების, ძვლების ტკივილი.
ჯიშკარიანის თქმით, სააკაშვილს მთელ სხეულზე აღენიშნება ნაკაწრები – ფხანის კვალი, კუნთების განლევა, რომელიც შეიძლება წარმოადგენდეს დაუდგენელი ინფექციური პროცესის ან შესაძლო ინტოქსიკაციის შედეგს.
„ცალკეული დიაგნოზები, ცალკეც და ერთობლიობაში გამოიწვევს ჯანმრთელობის მდგომარეობის შეუქცევად მოშლას, სიცოცხლის ხანგრძლივობის შემოკლებას და სიკვდილსაც, თუ მას არ მიეცემა შესაძლებლობა მიიღოს ადეკვატური დიაგნოსტიკისა და მკურნალობის უფლება“, – განაცხადა ჯიშკარიანმა.
ყოფილი პრეზიდენტი 12 მაისიდან სამოქალაქო კლინიკა „ვივამედში“ იმყოფება. მისი ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები შიმშილობის შემდეგ დაიწყო, რომელიც 50 დღე გრძელდებოდა.
სააკაშვილი საქართველოში უკრაინიდან არალეგალურად 2021 წლის 29 სექტემბერს დაბრუნდა. ის 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს.
თბილისის საქალაქო სასამართლო მის წინააღმდეგ განიხილავს სამ საქმეს – სახელმწიფო სახსრების გაფლანგვის, 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დარბევისა და საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის საქმეებს.
მას უკვე მისჯილი აქვს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალების საქმეებზე.