თბილისი, 30 ნოემბერი — Sputnik. თბილისში XX საუკუნის 20-30-იანი წლების ქართული ფილმების რეტროსპექტივა 2-25 დეკემბერს გაიმართება, იუწყება საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი.
პროგრამა 2 დეკემბერს, 19:00 საათზე ეროვნული არქივის კინოდარბაზში გაიხსნება ალექსანდრე წუწუნავას 1925 წელს შექმნილი ფილმით „ვინ არის დამნაშავე" და დაიხურება 25 დეკემბერს, 17:00 საათზე ამავე რეჟისორის ფილმით „ჯანყი გურიაში" (1928).
აღსანიშნავია, რომ კომპოზიტორმა ვაჟა მარიმ სპეციალურად ამ ფილმისთვის შექმნა ელექტრონული მუსიკა, რომელიც კინოჩვენებისას ცოცხლად შესრულდება.
რეტროსპექტივის ფარგლებში სულ ნაჩვენები იქნება 19 ფილმი. ფილმების ნაწილის აღდგენა ახლახან დასრულდა და მათ მაყურებელი დიდ ეკრანზე ამ სახით პირველად იხილავს.
ყველა ფილმის აღდგენა ეროვნული არქივისა და კინოცენტრის თანამშრომლობით განხორციელდა. კინოსეანსებზე დასწრება უფასოა.