თბილისი, 30 ნოემბერი − Sputnik. მელიქიშვილის გამზირზე მიმდინარე სარემონტო სამუშაოების გამო ტრანსპორტის მოძრაობა კვირის ბოლომდე ამ ქუჩაზე სრულად შეიზღუდება, განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე.
„მელიქიშვილის გამზირის რეაბილიტაცია დასასრულს მიუახლოვდა. მიმდინარე კვირაში იგეგმება ასფალტის საფარის ბოლო ფენის დაგება. აღნიშნული საგზაო სამუშაოების გამო 1 დეკემბრის 00:00 საათიდან 4 დეკემბრამდე პერიოდში მელიქიშვილის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა მთლიანად შეიზღუდება“, – განაცხადა კალაძემ.
მერის თქმით, აღნიშნულ პერიოდში ტრანსპორტის მოძრაობა დაშვებული იქნება იმ სქემით, რომელიც გამზირის რეაბილიტაციის დასაწყისში მოქმედებდა – ვარაზისხევში მოძრაობა ორმხრივი იქნება, ჭავჭავაძის გამზირიდან მოძრავი ავტომანქანები კი ვარაზისხევში ჩასვლას შეძლებენ.
თბილისის მერიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, აღნიშნულ პერიოდში სატრანსპორტო საშუალებები გადაადგილებას შეძლებენ კეკელიძის ქუჩიდან და ჭავჭავაძის გამზირიდან ვარაზისხევის მიმართულებით, ხოლო ვარაზისხევიდან სატრანსპორტო საშუალებები გადაადგილებას შეძლებენ ორივე მიმართულებით. ვარაზისხევიდან გადაადგილება შესაძლებელი იქნება როგორც მტკვრის მარჯვენა სანაპიროსა და თამარ მეფის გამზირის, ისე კოსტავას ქუჩის მიმართულებით.
გარდა ამისა, კოსტავას ქუჩაზე, თბილისის საკონცერტო დარბაზსა (ფილარმონია) და გმირთა მოედანს შორის არსებულ მონაკვეთზე მოძრაობა ასევე შესაძლებელი იქნება ორივე მიმართულებით. ფილარმონიიდან გმირთა მოედნისკენ მოძრავ სატრანსპორტო საშუალებებს გადაადგილება შეუძლიათ კოსტავას ქუჩიდან იაკობ ნიკოლაძის ქუჩაზეც, ხოლო იაკობ ნიკოლაძის ქუჩიდან, ქუჩიშვილისა და ღამბაშიძის ქუჩების გავლით, კვლავ კოსტავას ქუჩაზე.
შეზღუდვა ასევე შეეხება პირველი რესპუბლიკის მოედნიდან კოსტავას ქუჩისკენ მოძრავ სატრანსპორტო საშუალებებს. კერძოდ, რუსთაველის გამზირიდან კოსტავასა და ჭოველიძის ქუჩებისკენ მიმავალ სატრანსპორტო საშუალებებს გადაადგილება შეუძლიათ პირველი რესპუბლიკის მოედანზე, ახვლედიანის, ქიაჩელისა და ნიკო ნიკოლაძის ქუჩების გავლით. კოსტავას ქუჩიდან კი გადაადგილება შესაძლებელი იქნება როგორც ჭოველიძის ქუჩაზე, ისე გმირთა მოედანზე ამსვლელ პანდუსზე, მტკვრის მარჯვენა სანაპიროსა და თამარ მეფის გამზირის მიმართულებით.
შეზღუდვის გამო ალტერნატიული მარშრუტით იმოძრავებს საზოგადოებრივი ტრანსპორტიც.
მელიქიშვილის გამზირი 19 სექტემბერს გაიხსნა. მასშტაბური პროექტის ფარგლებში მთლიანად გამოიცვალა მიწისქვეშა საკომუნიკაციო ქსელები, მოეწყო სანიაღვრე ქსელი, განახლდა წყლისა და წყალარინების სისტემები, გაზმომარაგების მილები. ელექტროგადამცემი ხაზები მიწის ქვეშ განთავსდა და დამონტაჟდა განათების ქსელი LED სანათებით.
ასევე მოეწყო ტროტუარები, მოსაცდელები, საავტობუსო ზოლები და ველობილიკი. დამონტაჟდა მიწისქვეშა ურნები და ქუჩაზე არსებული ინფრასტრუქტურა მაქსიმალურად ადაპტირდა შშმ პირებისთვის.