თბილისი, 30 ნოემბერი — Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ „დირსის“ საცხოვრებელი კომპლექსის ტერიტორიაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე ბრალდებულ გრიგოლ დოჩიას 17 წლით პატიმრობა შეუფარდა.
დოჩია დამნაშავედ ცნეს ერთი ოჯახის ოთხი წევრის, მათ შორის, არასრულწლოვნის დაჭრაში. შემთხვევის დროს მიყენებული დაზიანებების შედეგად ერთ-ერთი დაშავებული გარდაიცვალა.
გავრცელებული ინფორმაციით, დოჩიას ადვოკატი პირველი ინსტანციის განაჩენის სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრებას გეგმავს.
ტრაგედია ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე, „დირსის“ საცხოვრებელი კომპლექსის ტერიტორიაზე მიმდინარე წლის 27 აპრილს მოხდა. ჩხუბის დროს დოჩიამ დანით ოთხი პირი დაჭრა. მიღებული დაზიანებების შედეგად ერთი პირი გარდაიცვალა, ხოლო სამი დაზარალებული სასწრაფო დახმარების ბრიგადებმა სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.
პოლიციამ ბრალდებული, 38 წლის მამაკაცი 28 აპრილს დააკავა.
გამოძიება სსკ-ის 19/109-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ და მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით (წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის და ორი ან მეტი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობა) და 150-ე მუხლის პირველი ნაწილით (იძულება) მიმდინარეობდა.