„წელს ჩვენი საახალწლო სლოგანი იქნება „მშვიდობის ქალაქი“... იმ გამოწვევების ფონზე, რაც ხდება რეგიონში, რა ვითარებაცაა მსოფლიოში, რა თქმა უნდა, ნებისმიერი ადამიანი პირველს, რასაც ინატრებს, ჩაიფიქრებს, ეს არის მშვიდობა... საკმარისია, ხელისუფლებამ, დედაქალაქის მთავრობამ შექმნას, ან, გნებავთ, თუნდაც საზოგადოების მხრიდან საყოველთაო ფასეულობებზე დაფუძნებული იდეა, ინიციატივა გაჩნდეს, რომ მაშინვე მყისიერად იწყება ბულინგი, შეურაცხყოფის მიყენება, ცილისწამება“, – განაცხადა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე.
„ამ ადამიანებმა ვერ შეიკავეს თავი და კიდევ ერთხელ გამოავლინეს საკუთარი რეალური სურვილი. სინამდვილეში მათ არა მშვიდობის შესახებ სრულიად უწყინარი სლოგანი და წარწერა, არამედ უპირველეს ყოვლისა თავად მშვიდობა აღიზიანებთ. სლოგანზე თავდასხმა ამ ყველაფერზე გამოვლენა იყო და მეტი არაფერი“, – განაცხადა კალაძემ.