თბილისი, 30 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს პარლამენტი თბილისის მერიის ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოსთან ერთად მუშაობს კანონპროექტზე, რომელიც უფრო მოქნილ და ეფექტურ გზებს დასახავს მიუსაფარი ცხოველების მოვლა-პატრონობისა და პოპულაციის მართვის საკითხებში, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ.
მისი თქმით, მიუსაფარი ცხოველების საკითხი ქალაქისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევაა.
„აღნიშნული პრობლემის მოგვარება მხოლოდ თბილისის დახმარებით შეუძლებელია. ეს ყველაფერი უნდა დარეგულირდეს მთელი ქვეყნის მასშტაბით“, – განაცხადა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე.
როგორც ქალაქის მერმა აღნიშნა, პროექტის განხილვის პროცესში ჩართული იქნება ყველა ის პირი თუ არასამთავრობო ორგანიზაცია, ვისაც სურვილი ექნება გაეცნოს აღნიშნულ კანონპროექტს.
„თუ რაიმე შესასწორებელია, შევასწროთ, თუ ცვლილებებია საჭირო, ერთად განვიხილოთ. თუმცა, აღნიშნული კანონპროექტი ძალიან მნიშვნელოვანია ამ პრობლემის მოსაგვარებლად“, – განაცხადა კალაძემ.
მისი თქმით, კანონპროექტით რეგულირების ჩარჩოებში მოექცევა ცხოველების გამრავლება, მათი აღრიცხვა-რეგისტრაცია, მეპატრონეების მხრიდან ცხოველების მიტოვება, ცხოველების ორთაბრძოლების აკრძალვა, შესაბამისი ბიზნეს-სუბიექტების – მომშენებლების, ვეტერინარული კლინიკების, ცხოველთა ბაზრობებისა და სასტუმროების საქმიანობა. ასევე კანონი დაარეგულირებს ისეთ საკითხს, როგორიცაა მეპატრონეებისგან ცხოველებზე უარის თქმა.
კანონპროექტში გათვალისწინებულია შესაბამისი სისხლისსამართლებრივი და ადმინისტრაციულ-სამართლებრივი პასუხისმგებლობის საფუძვლები ცხოველებისადმი არასათანადოდ მოპყრობის შემთხვევების, ასევე ცხოველის მიერ მესამე პირისთვის ზიანის მიყენებისას, რაც გამოწვეულია მეპატრონეების მიერ აუცილებელი უსაფრთხოების ნორმების უგულებელყოფით.
დედაქალაქის მერის განმარტებით, მუნიციპალიტეტი, თავის მხრივ, მზადაა ამ მიმართულებით დედაქალაქის ბიუჯეტიდან შესაბამისი თანხები გამოყოს.
„მესმის, რომ ეს სერიოზული გამოწვევაა. მინდა კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვა, რომ თუ აღნიშნული საკითხი საკანონმდებლო დონეზე არ დარეგულირდება, რაიმე პროექტის განხორციელება შეუძლებელი იქნება. ამიტომ ძალიან მიხარია, რომ კანონპროექტზე მიმდინარეობს მუშაობა“, – აღნიშნა კალაძემ.
ბოლო პერიოდში საქართველოში პანიკა შეიქმნა გარკვეული ჯიშის შინაური ძაღლების ადამიანებზე თავდასხმის შემთხვევების გახშირების გამო.
თბილისის მერიის ცხოველთა მონიტორინგის სააგენტომ პარლამენტის დეპუტატებთან ერთად დაიწყო მუშაობა კანონპროექტზე, რომლითაც საქართველოში ძაღლების გარკვეული ჯიშის მოშენება და ყოლა აიკრძალება. ასევე პროექტის ერთ-ერთი სიახლე იქნება 16 წლამდე პირების მიერ ქუჩაში აგრესიული ჯიშის ძაღლების გასეირნების აკრძალვა და ა.შ.
ამჟამად თბილისში აკრძალულია დღის საათებში ძაღლების საბელისა და ალიკაპის გარეშე გაყვანა, თუმცა საღამოს და დილის საათებში შესაძლებელია ძაღლების მხოლოდ ალიკაპით გასეირნება. ამასთან, ნებადართული არ არის ძაღლის გასეირნება პარკებსა და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში.