„ეს არ არის პოლიტიკური დისკუსიის საგანი“ - კობახიძე სააკაშვილის უცხოეთში გადაყვანაზე

მსჯავრდებულებთან დაკავშირებულ ნებისმიერ საკითხზე გადაწყვეტილებს სახელმწიფო უწყებები იღებენ, განაცხადა კობახიძემ
Sputnik
თბილისი, 30 ნოემბერი – Sputnik. მსჯავრდებული ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანა არის გათავისუფლების ერთ-ერთი ფორმა - ეს საკითხი არ შეიძლება იყოს პოლიტიკური დისკუსიების საგანი, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ.
ექს-პრეზიდენტს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები 50-დღიანი შიმშილობის შემდეგ დაეწყო. ის 12 მაისის შემდეგ სამკურნალოდ სამოქალაქო კლინიკა „ვივამედში“ იმყოფება.
„ნებისმიერ თემაზე, რომელიც პატიმარს უკავშირდება, გადაწყვეტილებას სახელმწიფო უწყებები იღებენ და ეს გადაწყვეტილება არ შეიძლება პოლიტიკური იყოს და როდესაც რადიკალური ოპოზიცია გვთავაზობს, რომ ეს საკითხი პოლიტიკური გავხადოთ, ეს მეტყველებს მათ დამოკიდებულებაზე კანონისა და სამართლის მიმართ. არ შეიძლება ეს საკითხი პოლიტიკური დისკუსიის საგანი იყოს“, - განაცხადა კობახიძემ.
თუმცა, მისი თქმით, ეს საკითხი პოლიტიკური განხილვის საგანია, რადგან მის უკან პოლიტიკური მიზნები დგას. როგორც კობახიძემ აღნიშნა, სააკაშვილის გათავისუფლების სურვილის უკან რეალურად დგას მისი მხარდამჭერების განზრახვა - ქვეყანაში არეულობის მოწყობა.
„ერთადერთი, რის გამოც მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება სურთ, არის ის, რომ როგორმე ქვეყანა არიონ... რა თქმა უნდა, ასეთ პოლიტიკურ გადაწყვეტილებას ვერავინ მიიღებს და ამაზე პოლიტიკური გადაწყვეტილება არც უნდა იყოს მიღებული“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
იმის შესახებ, რომ სააკაშვილი მძიმე მდგომარეობაშია და სასწრაფოდ საჭიროებს საზღვარგარეთ გადაყვანას დიაგნოსტიკისა და შემდგომი მკურნალობისთვის, მანამდე ფსიქო–რეაბილიტაციის ცენტრი „ემპათიის“ ხელმძღვანელმა მარიამ ჯიშკარიანმა განაცხადა. მისი თქმით, უკვე თვეების განმავლობაში ექს-პრეზიდენტის სწორი დიაგნოზის დასმა და მკურნალობა-რეაბილიტაცია ვერ ხერხდება.
გასულ კვირაში სააკაშვილის ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ სალომე ზურაბიშვილს შეხვედრის თხოვნით მიმართა. ადვოკატი ითხოვს, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო სააკაშვილს სასჯელი გადაუვადდეს.
საქართველოს კანონმდებლობით, ავადმყოფობის გამო სასჯელისგან გათავისუფლების ან სასჯელის გადავადების გადაწყვეტილებას იღებს სასამართლო სამედიცინო კომისიის დასკვნის საფუძველზე, რომელშიც საუბარია სასიკვდილო შედეგის მაღალ რისკზე ან სასიცოცხლო პარამეტრების შენარჩუნების სირთულეზე სასჯელის მოხდის პირობებში.
სააკაშვილი საქართველოში უკრაინიდან მალულად 2021 წლის 29 სექტემბერს დაბრუნდა. ის 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს.
საზღვრის უკანონო გადაკვეთის საქმის გარდა, რისთვისაც მას სამიდან ხუთ წლამდე პატიმრობა ემუქრება, თბილისის საქალაქო სასამართლო მის წინააღმდეგ განიხილავს კიდევ ორ საქმეს – სახელმწიფო სახსრების გაფლანგვის და 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დარბევის საქმეებს.