თბილისი, 30 ნოემბერი − Sputnik. ინგლისსა და უელსში ქრისტიანთა წილმა 2021 წელს მოსახლეობის 50%-ზე ნაკლები შეადგინა, რაც პირველად მოხდა მოსახლეობის აღწერის ისტორიაში, ნათქვამია დიდი ბრიტანეთის ეროვნული სტატისტიკის ბიუროს (ONS) მონაცემებში.
ბიუროს ინფორმაციით, აღწერის ფარგლებში რელიგიის თაობაზე დასმულ შეკითხვაზე მოსახლეობის 94%-მა, ანუ 56-მა მილიონმა ადამიანმა უპასუხა. აქედან ინგლისსა და უელსში საკუთარი თავი ქრისტიანად მოიხსენია 27,5 მლნ (46,2%) ადამიანმა, რაც 13,1%-ით ნაკლებია 2011 წლის მაჩვენებელზე, როდესაც ქრისტიანთა წილი 59,9%, ანუ 33,3 მლნ კაცი იყო.
უნდა აღინიშნოს, რომ ქრისტიანები მაინც ყველაზე მრავალრიცხოვან რელიგიურ ჯგუფად რჩება ინგლისსა და უელსში.
ამასთან, როგორც ONS-ს მონაცემებიდან ირკვევა, გაიზარდა ათეისტთა რაოდენობაც. თუ 2011 წელს მათი რაოდენობა 14,1 მლნ კაცს შეადგენდა, 2021 წელს მათმა რიცხვმა 22,2 მლნ-ს მიაღწია.
ასევე მოიმატა მუსლიმთა წილმაც, მათი რიცხვი ადრინდელი 2,7 მილიონიდან 3,9 მილიონამდე გაიზარდა.
ინგლისსა და უელსში მოსახლეობის აღწერისას, ქრისტიანებისა და მუსლიმების გარდა, აღირიცხა: 1 მლნ ინდუისტი, 500 ათასი სიქჰი და 270 ათასი რელიგიური იუდეველი.
წყარო: ONS