82 წლის ნათესავი ქალის მკვლელობაში ბრალდებულს 18 წლით პატიმრობა შეეფარდა

Sputnik
თბილისი, 30 ნოემბერი − Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებული 32 წლის მამაკაცი დამნაშავედ ცნო და 18 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა, ნათქვამია საქართველოს პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
უწყების ცნობით, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ბრალდებულმა 2022 წლის 16 მარტს თბილისში, გლდანის რაიონში მცხოვრები 82 წლის ნათესავი ქალი ანგარების მოტივით მისსავე ბინაში დანით დაჭრა. მიყენებული დაზიანების შედეგად დაზარალებული ადგილზე გარდაიცვალა.
ბრალდებულმა კვალის დაფარვის მიზნით გარდაცვლილს ბენზინი გადაასხა და ცეცხლი წაუკიდა. ამასთან, მან ლომბარდში ჩასაბარებლად ბინიდან წაიღო გარდაცვლილის კუთვნილი ტელევიზორი და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
სამართალდამცველებმა მამაკაცი 17 მარტს დააკავეს. მას ბრალდება სსკ-ის 109-ე მუხლის მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა ჩადენილი ანგარებით) წარედგინა.