რატი ბრეგაძე: სააკაშვილის მკურნალობაში ჩართვა უცხოელ ექიმებს შეუძლიათ

ავადმყოფობის გამო სასჯელისგან გათავისუფლების ან სასჯელის გადავადების გადაწყვეტილებას სასამართლო სამედიცინო კომისიის დასკვნის საფუძველზე იღებს.
Sputnik
თბილისი, 29 ნოემბერი – Sputnik. სახელმწიფო სთავაზობს საქართველოს მსჯავრდებულ ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს – შემდგომი მკურნალობისთვის მოიწვიოს ექიმი ნებისმიერი უცხოური სამედიცინო დაწესებულებიდან, განაცხადა ქვეყნის იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ ბრიფინგზე.
ექს-პრეზიდენტს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები 50-დღიანი შიმშილობის შემდეგ დაეწყო. ის 12 მაისის შემდეგ სამკურნალოდ სამოქალაქო კლინიკა „ვივამედში“ იმყოფება.

„გამომდინარე იმ მაღალი პასუხისმგებლობიდან, რომლითაც სახელმწიფო ადამიანების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას ეკიდება, ახლაც გამოვთქვამთ მზადყოფნას და მსჯავრდებულ სააკაშვილს ვთავაზობთ – ჩამოიყვანოს ნებისმიერი უცხოური კლინიკიდან ნებისმიერი ექიმი, რომელსაც სახელმწიფო მისცემს შესაძლებლობას, ჩაერთოს მის მკურნალობაში“, – განაცხადა ბრეგაძემ.

იმის შესახებ, რომ სააკაშვილი მძიმე მდგომარეობაშია და სასწრაფოდ საჭიროებს საზღვარგარეთ გადაყვანას დიაგნოსტიკისა და შემდგომი მკურნალობისთვის, მანამდე ფსიქო–რეაბილიტაციის ცენტრი „ემპათიის“ ხელმძღვანელმა მარიამ ჯიშკარიანმა განაცხადა. მისი თქმით, უკვე თვეების განმავლობაში ექს-პრეზიდენტის სწორი დიაგნოზის დასმა და მკურნალობა-რეაბილიტაცია ვერ ხერხდება.
ხუთშაბათს სააკაშვილის ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ სალომე ზურაბიშვილს შეხვედრის თხოვნით მიმართა. ადვოკატი ითხოვს, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო სააკაშვილს სასჯელი გადაუვადდეს.
საქართველოს კანონმდებლობით, ავადმყოფობის გამო სასჯელისგან გათავისუფლების ან სასჯელის გადავადების გადაწყვეტილებას იღებს სასამართლო სამედიცინო კომისიის დასკვნის საფუძველზე, რომელშიც საუბარია სასიკვდილო შედეგის მაღალ რისკზე ან სასიცოცხლო პარამეტრების შენარჩუნების სირთულეზე სასჯელის მოხდის პირობებში.
სააკაშვილი საქართველოში უკრაინიდან მალულად 2021 წლის 29 სექტემბერს დაბრუნდა. ის 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს.
საზღვრის უკანონო გადაკვეთის საქმის გარდა, რისთვისაც მას სამიდან ხუთ წლამდე პატიმრობა ემუქრება, თბილისის საქალაქო სასამართლო მის წინააღმდეგ განიხილავს კიდევ ორ საქმეს – სახელმწიფო სახსრების გაფლანგვის და 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დარბევის საქმეებს.