თბილისი, 29 ნოემბერი – Sputnik. საქართველოს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის შესაძლო მოწამვლის შესახებ განცხადებები არის ამორალური და წარმოადგენს ცილისმწამებლური კამპანიის ნაწილს, განაცხადა იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ.
ფსიქო–რეაბილიტაციის ცენტრი „ემპათიის“ ხელმძღვანელი მარიამ ჯიშკარიანი ამტკიცებს, რომ თმის ტოქსიკოლოგიურმა ექსპერტიზამ სააკაშვილის ორგანიზმში მძიმე ლითონები გამოავლინა, რომლებიც ექს-პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების მიზეზი შეიძლება იყოს. მან მოუწოდა საქართველოს მოქმედ პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს, შეიწყალოს სააკაშვილი. თავად სააკაშვილმა განცხადებას მისი შესაძლო მოწამვლის შესახებ სპეკულაცია უწოდა.
„მედიკამენტებს, ბუნებრივია, სამედიცინო პერსონალი აწვდის და ამის შესახებაც არაერთი ცილისმწამებლური კამპანია ვნახეთ, რაც შეიძლება შეფასებული იყოს, როგორც ექიმის მუშაობაში უკანონო ჩარევა. შესაბამისად, თუ ვინმე ბედავს და ექიმზე მსგავსი ტიპის განცხადებას გააკეთებს, რომ ექიმმა შეიძლება ვინმე მოწამლოს, ეს სრულიად ამორალურია“, – განაცხადა ბრეგაძემ.
რაც შეეხება კვებას, მინისტრის თქმით, სააკაშვილს მიეწოდება მხოლოდ ის საკვები, რომელსაც აწვდიან მისი ნდობით აღჭურვილი პირები – ოჯახის წევრები და სხვა პირები, რომლებზეც ექს-პრეზიდენტმა განაცხადა თანხმობა.
„შესაბამისად, როდესაც ვინმე ბედავს და საუბრობს საკვებზე ან მედიკამენტებზე, კეთილი ინებოს და შესაბამისი დასკვნები გააკეთოს, ვისზე საუბრობს საერთოდ“, – განაცხადა ბრეგაძემ.
კითხვაზე, ხომ არ არის სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება გამოწვეული ელექტრონული სიგარეტის ხშირი მოხმარებით, ბრეგაძემ განაცხადა რომ მას გაუჭირდება ამაზე პასუხის გაცემა, რადგან ის არ არის ექიმი.
„თუმცა, შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ ნამდვილად ეწევა ელექტრონულ სიგარეტს“, – განაცხადა ბრეგაძემ.
ექს-პრეზიდენტს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები 50-დღიანი შიმშილობის შემდეგ დაეწყო. ის 12 მაისის შემდეგ სამკურნალოდ სამოქალაქო კლინიკა „ვივამედში“ იმყოფება.
გასულ კვირაში სააკაშვილის ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ სალომე ზურაბიშვილს შეხვედრის თხოვნით მიმართა. ადვოკატი ითხოვს, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო სააკაშვილს სასჯელი გადაუვადდეს.
საქართველოს კანონმდებლობით, ავადმყოფობის გამო სასჯელისგან გათავისუფლების ან სასჯელის გადავადების გადაწყვეტილებას იღებს სასამართლო სამედიცინო კომისიის დასკვნის საფუძველზე, რომელშიც საუბარია სასიკვდილო შედეგის მაღალ რისკზე ან სასიცოცხლო პარამეტრების შენარჩუნების სირთულეზე სასჯელის მოხდის პირობებში.
სააკაშვილი საქართველოში უკრაინიდან მალულად 2021 წლის 29 სექტემბერს დაბრუნდა. ის 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს.
საზღვრის უკანონო გადაკვეთის საქმის გარდა, რისთვისაც მას სამიდან ხუთ წლამდე პატიმრობა ემუქრება, თბილისის საქალაქო სასამართლო მის წინააღმდეგ განიხილავს კიდევ ორ საქმეს – სახელმწიფო სახსრების გაფლანგვის და 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დარბევის საქმეებს.