მსოფლიო დღეს

წარმოსათქმელად მარტივი: ჯანმომ მაიმუნის ყვავილს ახალი სახელი უწოდა

Sputnik
თბილისი, 29 ნოემბერი − Sputnik. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ (ჯანმო) მაიმუნის ყვავილს ახალი სახელი მიანიჭა – ამიერიდან დაავადებას mpox (ინგლისური monkeypox-ის შემოკლებული ვერსია) ეწოდება, იუწყება BBC News.
გავრცელებული ინფორმაციით, ჯანმომ ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ვირუსის სახელწოდების გამო რასისტულ და სტიგმატურ გამონათქვამებზე საჩივრები მომრავლდა.
როგორც აღინიშნება, ვირუსის ძველი სახელწოდება „მაიმუნის ვირუსი“ ახალ mpox სახელთან ერთად წლის განმავლობაში იქნება გამოყენებული, რის შემდეგაც თანდათან გაუქმდება.
ჯანმოს განცხადებით, ტერმინი mpox მარტივი წარმოსათქმელია როგორც ინგლისურ, ისე სხვა ენებზე.
მაიმუნის ყვავილს, რომელიც პირველად 1970 წელს გამოვლინდა ადამიანებში, ხსენებული სახელი იმის გამო მიენიჭა, რომ ვირუსით გამოწვეული დაავადება მანამდე, ათი წლით ადრე არაბუნებრივ გარემოში ბინადარ მაიმუნებში დაფიქსირდა.
მოგვიანებით ჯანმომ დაამტკიცა დაავადებებისთვის სახელის მინიჭების წესები, რომელთა თანახმად, ტერმინების არჩევისას მინიმუმამდე უნდა შემცირდეს შესაძლო ნეგატიური შედეგები ვაჭრობისთვის, ტურიზმისა თუ ცხოველების კეთილდღეობისთვის. ამასთან კატეგორიულად იკრძალება ისეთი დასახელებების გამოყენება, რომლებიც შეურაცხყოფას აყენებს ამა თუ იმ კულტურულ, სოციალურ, ეროვნულ თუ ეთნიკურ ჯგუფებს.