როგორ იბრძვის თბილისი კლიმატური ცვლილებების დაძლევისთვის

ქალაქის მერმა ისაუბრა იმ ღონისძიებებზე, რომლებიც კლიმატური კრიზისის დასაძლევად გადაიდგა.
Sputnik
თბილისი, 29 ნოემბერი – Sputnik. თბილისის წარმატებები კლიმატის ცვლილებების დაძლევისათვის ბრძოლაში და ღონისძიებები, რომლებიც მიმართულია კლიმატური კრიზისის გადალახვაზე, საერთაშორისო კონფერენციაზე თბილისის მერმა კახა კალაძემ შეაფასა.
ქალაქის მერი სიტყვით გამოვიდა ევროკავშირის პროექტის „მერების შეთანხმება – აღმოსავლეთ პარტნიორობა“ (Com – East) ათი წლის იუბილესადმი მიძღვნილ კონფერენციაზე.
კალაძის თქმით, თბილისი პირველი ქალაქი იყო აღმოსავლეთ პარტნიორობის დედაქალაქებს შორის, რომელიც 2010 წელს მერების შეთანხმებას შეუერთდა, ამგვარად, საქართველოს დედაქალაქი შეუერთდა ინიციატივას, რომლის მიზანია ქალაქში ნახშირბადის ემისიების შემცირება.
როგორც კალაძემ აღნიშნა, ბოლო წლების განმავლობაში ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა. კერძოდ, მიმდინარეობს აქტიური მუშაობა ტყის საფარისა და ქალაქში რეკრეაციული სივრცეების – სკვერების, პარკების განახლება-რეაბილიტაციასა და ახალი პარკების შექმნაზე.

„ძირეული ნაბიჯები გადავდგით მუნიციპალური სატრანსპორტო სისტემის განახლების და განვითარების კუთხით. საზოგადოებრივი ტრანსპორტის ხელმისაწვდომობა, ქვეითთა უფლებების გაზრდა, ეკოტრანსპორტის განვითარება თბილისის მუნიციპალიტეტისთვის ერთ-ერთი მთავარი და უმნიშვნელოვანესი მიმართულებაა“, – განაცხადა კალაძემ.

თბილისის მერი ასევე შეეხო იმ მნიშვნელოვან პროექტებს, რომლებიც დონორების დახმარებით განხორციელდა. მათ დიდი გავლენა მოახდინეს თბილისელების ყოველდღიურ ცხოვრებაზე, აღნიშნა კალაძემ.
კერძოდ, საერთაშორისო დონორების დახმარებით განახლდა თბილისის ავტობუსებისა და მიკროავტობუსების პარკი, მოეწყო 27 კმ ველობილიკი, ხმაურისა და დაბინძურების შემცირების წყალობით უმჯობესდება საცხოვრებელი პირობები ქალაქის უბნებში, აღნიშნა მან.
„მწვანე ქალაქი" – რას გეგმავს თბილისის მერია>>
გარდა ამისა, მერის თქმით, მნიშვნელოვანი პროექტები გაკეთდა ნარჩენების მართვის სისტემის გაუმჯობესების კუთხით; შემუშავდა მყარი ნარჩენების პრევენციისა და რეციკლირების სტრატეგია და სამოქმედო გეგმა.

„დარწმუნებული ვარ, ჩვენი თანამშრომლობით, ერთობლივი ინიციატივებით კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლის პროცესი მეტად ეფექტიანი იქნება. ამ პროცესში მუნიციპალიტეტებს უმნიშვნელოვანესი როლი გვაკისრია“, – განაცხადა კალაძემ და დასძინა, რომ თბილისი „მერების შეთანხმების“ პრინციპების ერთგული რჩება და უერთდება ახალ ვალდებულებებს.

ორდღიან კონფერენციაზე შეფასდება შეთანხმების ათწლიანი პროგრესი, ძირითადი გამოწვევები და პრობლემები რეგიონის ქვეყნებში. ასევე წარმოდგენილი იქნება წარმატებული მაგალითები და გამოცდილება.
ღონისძიებაში მონაწილეობს ადგილობრივი და ეროვნული ხელისუფლების 150-ზე მეტი წარმომადგენელი აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან, საქართველოდან, მოლდოვიდან, უკრაინიდან, ასევე ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს