თბილისი, 29 ნოემბერი − Sputnik. თურქეთისა და სირიის პრეზიდენტების რეჯეფ თაიფ ერდოღანისა და ბაშარ ალ-ასადის შეხვედრა, შესაძლოა, მალე შედგეს, რისთვისაც უკვე მიმდინარეობს „საკულისო დიპლომატია“, იუწყება თურქული გაზეთი Hürriyet სამთავრობო წრეებში არსებულ წყაროზე დაყრდნობით.
„პრეზიდენტმა ერდოღანმა რამდენჯერმე თქვა, რომ მას ასევე შეუძლია ასადთან შეხვედრა. მიმდინარეობს საკულისო დიპლომატია ორი ლიდერის დასაკავშირებლად. ვფიქრობ, ეს შეხვედრა მოკლე დროში მოხდება. როგორც ერდოღანმა განაცხადა, სირიასთანაც შესაძლოა იგივე მოხდეს, რაც ეგვიპტესთან მოხდა. პოლიტიკაში წყენა არ არსებობს და დიალოგისთვის კარი ღია რჩება“, − წერს გამოცემის კოლუმნისტი აბდულკადირ სელვი.
თურქეთის პრეზიდენტის წარმომადგენელმა იბრაჰიმ კალინმა ოქტომბერში განაცხადა, რომ რუსეთს ერდოღანისა და ასადის შეხვედრაში შუამავლის როლის შესრულება სურს. ამასთან დაკავშირებით ერდოღანმა ნოემბრის შუა რიცხვებში აღნიშნა, რომ ანკარა ამ წინადადებას მაშინ შეაფასებს, როცა დრო მოვა, რადგან პოლიტიკაში „წყენები არ არსებობს“. მოგვიანებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ ერდოღანისა და ასადის შეხვედრა შესაძლოა რუსეთში, ვლადიმირ პუტინის შუამავლობით შედგეს.