თბილისის ცენტრში ტრანსპორტის მოძრაობის სქემა დროებით შეიცვლება

მერიის ცნობით, აღნიშნულ საგზაო მონაკვეთში სამუშაოებია დაგეგმილი.
Sputnik
თბილისი, 28 ნოემბერი – Sputnik. მერაბ კოსტავას ქუჩაზე, თბილისის სახელმწიფო საკონცერტო დარბაზიდან ჭოველიძის ქუჩის კვეთამდე 29 ნოემბრის 00:00 საათიდან 5 დეკემბრამდე სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილების სქემა შეიცვლება. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
მერიის ცნობით, აღნიშნულ საგზაო მონაკვეთში სამუშაოებია დაგეგმილი.
კერძოდ, რუსთაველის გამზირიდან მოძრავი სატრანსპორტო საშუალებები ქიაჩელისა და ახვლედიანის ქუჩებიდან გადაადგილდებიან მერაბ კოსტავას ქუჩისა და გმირთა მოედნის მიმართულებით ნიკოლაძის ქუჩის გავლით.
რაც შეეხება მელიქიშვილის გამზირიდან მოძრავ სატრანსპორტო საშუალებებს, ამ შემთხვევაში მიმართულება დარჩება უცვლელი და მძღოლები როგორც რუსთაველის გამზირის მიმართულებით, ასევე მარცხნივ მოხვევით კოსტავას ქუჩისა და გმირთა მოედნის მიმართულებით გადაადგილდებიან.
რუსთაველის გამზირიდან გმირთა მოედნის მიმართულებით მოძრავი ავტობუსები: N306, N310, N314, N326, N331, N337, N342, N352, N358, N378, N391, N397, N301, N345, N359, N388 და მიკროავტობუსები: N472, N532, N540, N541 პირველი რესპუბლიკის მოედნის საშუალებით ქიაჩელისა და ნიკო ნიკოლაძის ქუჩებზე გადავლენ, შემდეგ კი მერაბ კოსტავას ქუჩით დაუკავშირდებიან გმირთა მოედანს და მოძრაობას დადგენილი სქემით განაგრძობენ.
უკუმიმართულებისას საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობის სქემა არ იცვლება.
წყარო - მერია