თბილისი, 28 ნოემბერი – Sputnik. კლინიკა „ვივამედმა“ მიზანშეწონილად არ მიიჩნია საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა თბილისის საქალაქო სასამართლოში, სადაც მის მიერ სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის საქმის განხილვა უნდა გამართულიყო.
ექს-პრეზიდენტს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები 50-დღიანი შიმშილობის შემდეგ დაეწყო. ის 12 მაისის შემდეგ სამოქალაქო კლინიკა „ვივამედში“ იმყოფება.
სასამართლო სხდომა მსჯავრდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ადრეც არაერთხელ გადაიდო. თუმცა ამჯერად ექს-პრეზიდენტის ადვოკატებმა განაცხადეს, რომ სააკაშვილს სურდა სასამართლო პროცესზე დასწრება. მის მხარდასაჭერად სასამართლოსთან ოჯახის წევრები, მეგობრები და მხარდამჭერებიც შეიკრიბნენ.
მაგრამ მსჯავრდებული სასამართლოში არ მიუყვანიათ. სააკაშვილის არყოფნა მოსამართლემ ახსნა კლინიკა „ვივამედიდან“ წარმოდგენილი ცნობით, რომელშიც აღნიშნულია, რომ სამედიცინო დაწესებულებამ სააკაშვილის ტრანსპორტით გადაყვანა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო არამიზანშეწონილად მიიჩნია.
ადვოკატებს უცნაურად მოეჩვენათ ის გარემოება, რომ ამჯერად სასამართლო სხდომა გაურკვეველი დროით გადაიდო.
„არ ვიცი მიზეზი, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ სააკაშვილი „ვივამედში“ მაისიდან იმყოფება და მისი ჯანმრთელობა არათუ არ გაუმჯობესდა, არამედ გაუარესდა იმ კონდიციამდე, რომ შეუძლებელია მისი ტრანსპორტირება სამ კილომეტრზეც კი“, – განუცხადა ადვოკატმა დიმიტრი საძაგლიშვილმა ჟურნალისტებს.
სააკაშვილის მეორე ადვოკატის შალვა ხაჭაპურიძის თქმით, უახლოეს დღეებში დაცვის მხარე აპირებს მიმართოს სასამართლოს ექს-პრეზიდენტისთვის სასჯელის გადავადების შუამდგომლობით.
„ჩვენ მკაცრად შედგენილი გეგმით მივდივართ. ამ დღეებში სასჯელის გადავადების შუამდგომლობას წარვადგენთ. დარჩენილია ტექნიკური საკითხები და ორ-სამ დღეში შუამდგომლობა სასამართლოში იქნება... სააკაშვილი იმდენად მძიმედაა ავად, რომ კლინიკა „ვივამედმაც“ კი გასცა დოკუმენტი, რომ მისი ტრანსპორტირება და პროცესზე გამოცხადება შეუძლებელია“, – განაცხადა ხაჭაპურიძემ „TV პირველის“ ეთერში.
საქართველოს კანონმდებლობით, ავადმყოფობის გამო სასჯელისგან გათავისუფლების ან სასჯელის გადავადების გადაწყვეტილებას იღებს სასამართლო სამედიცინო კომისიის დასკვნის საფუძველზე, რომელშიც საუბარია სასიკვდილო შედეგის მაღალ რისკზე ან სასიცოცხლო პარამეტრების შენარჩუნების სირთულეზე სასჯელის მოხდის პირობებში.
სააკაშვილი საქართველოში უკრაინიდან მალულად 2021 წლის 29 სექტემბერს დაბრუნდა. ის 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს.
საზღვრის უკანონო გადაკვეთის საქმის გარდა, რისთვისაც მას სამიდან ხუთ წლამდე პატიმრობა ემუქრება, თბილისის საქალაქო სასამართლო მის წინააღმდეგ განიხილავს კიდევ ორ საქმეს – სახელმწიფო სახსრების გაფლანგვის და 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დარბევის საქმეებს.