თბილისი, 28 ნოემბერი – Sputnik. ცნობილი გახდა ის თანხა, რომელსაც ხელისუფლება 2023-2024 წლებში საქართველოში მსოფლიო ვარსკვლავების კონცერტების გასამართად დახარჯავს, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა.
როგორც პრემიერ-მინისტრმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, ამ პროექტისთვის 70 მილიონი ლარი გამოიყოფა.
„ჩვენ გვაქვს გეგმა, მომდევნო ორი წლის განმავლობაში ქვეყანაში ჩამოვიყვანოთ მსოფლიო დონის ვარსკვლავები, შემსრულებლები და არტისტები... ჩვენ გამოვყოფთ 70 მილიონ ლარს. ამის შესაბამისი თანხები გვაქვს, მომდევნო ორ წელიწადში ეს პროგრამა დაფინანსდება და, ვფიქრობთ, დამატებით მოიზიდავს ტურისტებს და საინტერესო პროგრამა გამოგვივა“, – აღნიშნა პრემიერმა.
როგორც უცხოელი არტისტების ვინაობა, ისე მათი გამოსვლების თარიღები ჯერჯერობით არ საჯაროვდება. როგორც ხელისუფლებაში ადრე განაცხადეს, ამჟამად შემსრულებლებთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს.
საკონცერტო დარბაზი Black Sea Arena
© photo: Sputnik / Stringer
ცნობილია მხოლოდ ის, რომ კონცერტები დაგეგმილია ივნისიდან სექტემბრამდე პერიოდში სტადიონებზე და საკონცერტო დარბაზში Black Sea Arena.
მსოფლიო ვარსკვლავების მასშტაბური კონცერტები სახელმწიფო პროექტ Check in Georgia-ს ფარგლებში იყო საქართველოს სავიზიტო ბარათი კორონავირუსის პანდემიამდე. ეს კონცერტები იზიდავდა არა მხოლოდ ადგილობრივ მოსახლეობას, არამედ ტურისტებს მთელი მსოფლიოდან.