საქართველოს პირველი პირები ნონა გაფრინდაშვილს წარმატებას ულოცავენ

ნონა გაფრინდაშვილმა ვეტერან მოჭადრაკეთა მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მერვედ მოიპოვა.
Sputnik
თბილისი, 27 ნოემბერი - Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და თბილისის მერი კახა კალაძე ლეგენდარულ ქართველ მოჭადრაკე ნონა გაფრინდაშვილს მორიგ წარმატებას ულოცავენ.
ნონა გაფრინდაშვილმა 65 წელზე უფროსი ასაკის ვეტერანთა შორის მსოფლიო ჩემპიონატში მერვედ გაიმარჯვა.
ირაკლი ღარიბაშვილი ნონა გაფრინდაშვილს ვეტერან მოჭადრაკეთა მსოფლიო ჩემპიონის ტიტულის მერვედ მოპოვებას ულოცავს და წარმატებას უსურვებს.
„მსოფლიო ჭადრაკის ლეგენდის, ნონა გაფრინდაშვილის გასაოცარი სპორტული ბიოგრაფია კიდევ ერთი დიდი გამარჯვებით გაგრძელდა. მადლობას ვუხდი ქალბატონ ნონას იმ სიხარულისთვის, რასაც ახლა თითოეული ქართველი განიცდის და კვლავაც დიდ წარმატებებს ვუსურვებ“, – ნათქვამია პრემიერის მილოცვის წერილში.
გაფრინდაშვილს წარმატება კახა კალაძემაც მიულოცა და ჯანმრთელობა უსურვა.
„ბედნიერებაა, როდესაც ქვეყანას ჰყავს ასეთი ტიტულოვანი მოჭადრაკე – თერთმეტი საჭადრაკო ოლიმპიადის გამარჯვებული და ხუთგზის მსოფლიო ჩემპიონი კლასიკურ ჭადრაკში. ქალბატონ ნონას ვუსურვებ ჯანმრთელობას, კიდევ ბევრჯერ გაეხარებინოს საკუთარი ქვეყანა და ხალხი“, – დაწერა თბილისის მერმა სოციალურ ქსელში.
FIDE-ს ეგიდით რიგით მე-13 მსოფლიო ჩემპიონატი ვეტერან-მოჭადრაკეებს შორის იტალიის ქალაქ ასიზიში 15 ნოემბერს დაიწყო. შეჯიბრება 11 ტურს მოიცავდა და შვეიცარიული სისტემით გაიმართა. ჩემპიონატი გუშინ, 26 ნოემბერს დასრულდა.
გაფრინდაშვილმა 7 ქულა დააგროვა. მან ოთხი პარტია მოიგო და ექვსი შეხვედრა ყაიმით დაასრულა.