თბილისი, 26 ნოემბერი – Sputnik. საქართველოს პარლამენტი განიხილავს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებებს, რომლებიც სექსუალური შევიწროებისთვის სასჯელის გამკაცრებას ითვალისწინებს.
ცვლილებების მიხედვით, სექსუალური შევიწროების ცნება ფართოვდება - ასეთად ჩაითვლება არა მხოლოდ სექსუალური ხასიათის ქცევა, რომელიც მიზნად ისახავს დაზარალებული შეურაცხყოფას და დაშინებას ან დამცირებას.
კანონპროექტის ახალი ვერსიით, სექსუალურ შევიწროებად ჩაითვლება პირისთვის არასასურველი სექსუალური ხასიათის ნებისმიერი სიტყვიერი, არავერბალური ან ფიზიკური ქმედება, რომელიც მსხვერპლისთვის ღირსების შემლახავი, დამამცირებელი, დამაშინებელი ან შეურაცხმყოფელია.
ამავდროულად, სიტყვიერი სექსუალური შევიწროება ასევე მოიცავს წერილობით და ხმოვან შეტყობინებებს, ხოლო ფიზიკური სექსუალური შევიწროება მხოლოდ შეხებას მოიაზრებს.
ასეთი ქმედებისთვის ჯარიმა 300-დან 600 ლარამდე გაიზრდება.
ერთი წლის განმავლობაში განმეორებითი სამართალდარღვევა გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ნაცვლად 800 ლარის ოდენობით ან 1 თვემდე გამასწორებელ სამუშაოს.
ასევე გაიზრდება ჯარიმა არასრულწლოვნის, ორსული ქალის, უმწეო მდგომარეობაში მყოფი პირის, შშმ პირის ან არასრულწლოვნის თანდასწრებით ჩადენილი სექსუალური შევიწროებისთვის. ამ შემთხვევაში ჯარიმა იქნება 800 ლარიდან ათას ლარამდე და არა 500-დან 800 ლარამდე, როგორც ეს კანონის მოქმედი ვერსიით არის გათვალისწინებული.
ჯარიმა ასევე გაიზრდება მსგავსი ქმედების განმეორებით ანდა ორი ან მეტი პირის მიმართ ჩადენის შემთხვევაში. ჯარიმა ამ შემთხვევაში იქნება 1-დან 1,5 ათას ლარამდე და არა 800-დან 1 ათას ლარამდე.