თბილისი, 26 ნოემბერი – Sputnik. მამაკაცი, რომელმაც თერჯოლაში ყოფილი ცოლი ცოცხლად დაწვა, საავადმყოფოში გარდაიცვალა.
ფემიციდის შემზარავი ფაქტი გუშინ სუპერმარკეტ „მაგნიტში“ მოხდა, სადაც 37 წლის ქალი მენეჯერად მუშაობდა. ყოფილი ქმარი ქალს სამსახურში მიუვარდა, საწვავი შეასხა, ცეცხლი წაუკიდა და შემდეგ ოთახში გამოკეტა. მიუხედავად იმისა, რომ მომხდარს ათობით თვითმხილველი ჰყავს, ორი შვილის დედის გადარჩენა ვერავინ შეძლო. ქალი ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო ბოროტმოქმედი დაზიანებებით კლინიკაში გადაიყვანეს.
41 წლის ლეონიდე ზვიადაძე სხეულის 70%-იანი დამწვრობით ქუთაისის დამწვრობის ცენტრში მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა და მისი მდგომარეობა კრიტიკულად მძიმე იყო. ის გვიან ღამით გარდაიცვალა.
მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.
დაღუპული ქალის ახლობლების ინფორმაციით, ზვიადაძეს შემაკავებელი ორდერი ჰქონია გამოწერილი, მიუხედავად ამისა ბოლო პერიოდში ის ბევრჯერ დახვდა ქუჩაში ყოფილ ცოლს და მოკვლის მუქარით შემიგებას სთხოვდა.
ქალებზე ძალადობის პრობლემა საქართველოში კვლავ მწვავედ დგას. მხოლოდ ბოლო დღეებში ქალებზე ფიზიკური ძალადობის რამდენიმე შემთხვევა დაფიქსირდა.