თბილისი, 25 ნოემბერი – Sputnik. დიდ დიღომში ახალი საფეხბურთო ცენტრი გაიხსნა, იუწყება საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია (სფფ).
სპორტკომპლექსში არის სტანდარტული ზომის მოედანი ხელოვნური საფარით, განათება, ტრიბუნა, ადმინისტრაციული შენობა და გასახდელები. სფფ-ის პრეზიდენტის ლევან კობიაშვილის განცხადებით, ეს საქართველოში გახსნილი რიგით მეხუთე საფეხბურთო ცენტრია.
„ბედნიერი ვარ და მინდა თითოეულ ადამიანს მივულოცო, ვინაიდან ეს საფეხბურთო ცენტრი ძალიან დიდი შენაძენია ფეხბურთისთვის, სპორტისთვის, ქალაქისთვის და ქვეყნისთვის. ახალგაზრდებს, ბავშვებს, გოგონებს, მოყვარულებს ექნებათ საშუალება, გამოიყენონ ეს სივრცე, ითამაშონ ფეხბურთი და ჩაერთონ ყოველდღიურ საფეხბურთო ცხოვრებაში“, – განაცხადა კობიაშვილმა.
მისი თქმით, ეს პროცესი მომავალშიც გაგრძელდება, რადგან საჭიროა მეტი ინფრასტრუქტურა, სტადიონები, რათა უფრო მეტ ბავშვს ჰქონდეს საშუალება, ითამაშოს ფეხბურთი, ასახელოს ჩვენი ქვეყანა და ქართული ფეხბურთი.
ახალი საფეხბურთო კომპლექსი დაათვალიერეს კობიაშვილმა და თბილისის მერმა კახა კალაძემ.
ლევან კობიაშვილი და კახა კალაძე ახალი საფეხბურთო ცენტრის გახსნაზე დიდ დიღომში
საფეხბურთო ცენტრი ფეხბურთის ფედერაციის დაფინანსებით აშენდა. სპორტკომპლექსი განთავსდა ტერიტორიაზე, რომელიც სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ ფედერაციას საფეხბურთო ინფრასტრუქტურის შენების ვალდებულებით გადასცა.