სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თბილისში 1,4 ათასი კგ უვარგისი ხორცპროდუქტი გაანადგურა

სააგენტოს ინფორმაციით, ობიექტი საქმიანობის გაგრძელებას მხოლოდ შეუსაბამობების აღმოფხვრის შემდეგ შეძლებს.
Sputnik
თბილისი, 25 ნოემბერი – Sputnik. სურსათის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლებმა შპს „ქოჩ ჰოლდინგს“ (სავაჭრო დასახელება „ჩვენი ყასაბი“) კრიტიკული შეუსაბამობების გამოვლენის გამო საწარმოო პროცესი შეუჩერეს, ნათქვამია სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უწყების ცნობით, ობიექტის შემოწმებისას გამოავლინეს 1,4 ათასი კგ ვადაგასული ხორცი, ხორცპროდუქტები (ფარში, სუბპროდუქტები) და ხორცი ჯანმრთელობის ნიშანდების გარეშე (სასაკლაოს გვერდის ავლით). ობიექტზე ასევე დაფიქსირდა სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დარღვევა.
გამოვლენილი დარღვევების გამო ბიზნეს-ოპერატორი, რომელიც წინამძღვრიშვილის ქ. N198-ში მდებარეობს, 5 ათასი ლარით დაჯარიმდა და საწარმოო პროცესი შეუჩერდა. პროდუქცია სააგენტოს ზედამხედველობით დაილუქა და კანონმდებლობის შესაბამისად განადგურდა.
სააგენტოს ინფორმაციით, ობიექტი საქმიანობის გაგრძელებას მხოლოდ შეუსაბამობების აღმოფხვრის შემდეგ შეძლებს.
სურსათის უვნებლობის სახელმწიფო კონტროლი მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობს და მიზნად ისახავს ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის, მომხმარებელთა ინტერესების დაცვას. სახელმწიფო კონტროლის მექანიზმებია ინსპექტირება, მონიტორინგი, ზედამხედველობა, დოკუმენტური შემოწმება და ნიმუშის აღება.