მსოფლიო დღეს

აშშ მზადაა შეუმსუბუქოს ვენესუელას ნავთობთან დაკავშირებული სანქციები

Sputnik
თბილისი, 25 ნოემბერი − Sputnik. აშშ მზადაა ლიცენზია განუახლოს კომპანია Chevron-ს ვენესუელაში ნავთობის მოპოვებაზე, იუწყება გაზეთი The Wall Street Journal.
გამოცემის ინფორმაციით, ეს შეერთებული შტატების სანქციების პოლიტიკის შეცვლაზე მეტყველებს, თუმცა სანქციების შესამსუბუქებლად ვაშინგტონი ვენესუელის ხელისუფლებისგან ოპოზიციასთან დიალოგის დაწყებასა და თავისუფალი არჩევნების ჩატარებას მოითხოვს.
აღინიშნება, რომ სანქციების პოლიტიკის შეცვლა სხვა ნავთობკომპანიებსაც მისცემს ქვეყანაში ბიზნესის წარმოების შესაძლებლობას.
არსებული ცნობით, შეერთებულმა შტატებმა Chevron-ს ახალი ლიცენზია შესაძლოა 26 ნოემბრის შემდეგ მისცეს, როდესაც ვენესუელის მთავრობა და მისი პოლიტიკური ოპონენტები განცხადებებს გააკეთებენ.
WSJ ამერიკის მხრიდან ანტივენესუელური სანქციების სავარაუდო შერბილებაზე ჯერ კიდევ 6 ოქტომბერს წერდა. მომდევნო დღეს, 7 ოქტომბერს აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ აშშ ვენესუელისგან დემოკრატიის აღსადგენად გადადგმულ ნაბიჯებს ელოდება, ხოლო რეპრესიების გაგრძელების შემთხვევაში ვაშინგტონი სანქციების გაძლიერებით იმუქრებოდა.
2019 წლის იანვარში ვენესუელის ოპოზიციის ლიდერმა ხუან გუაიდომ თავი ვენესუელის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლად გამოაცხადა. იგი აღიარეს შეერთებულმა შტატებმა და სხვა მრავალმა ქვეყანამ. ამის საპასუხოდ პრეზიდენტმა ნიკოლას მადურომ შეერთებულ შტატებთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტა გამოაცხადა და ამერიკელი დიპლომატები ვენესუელიდან გააძევა.
იმავე წლის აპრილში ვაშინგტონმა უარი თქვა კარაკასისგან ნავთობის შეძენაზე. ამერიკულ საფინანსო ორგანიზაციებს ასევე აეკრძალათ იმ უცხოელი კლიენტების მომსახურება, რომლებიც დოლარში იძენდნენ ნავთობს.