სააკაშვილის ადვოკატი პრეზიდენტთან აუდიენციას ითხოვს

შალვა ხაჭაპურიძის თქმით, იგი არ აპირებს ზურაბიშვილს სააკაშვილის შეწყალება სთხოვოს.
Sputnik
თბილისი, 24 ნოემბერი – Sputnik. ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს აუდიენციის თხოვნით მიმართა – უფლებადამცველს მსჯავრდებული პირისთვის სასჯელის გადავადების საკითხში პრეზიდენტის მხარდაჭერის იმედი აქვს.
ხაჭაპურიძემ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ზურაბიშვილის სახელზე წერილი უკვე დატოვა.
ექს-პრეზიდენტის ოჯახი და მისი მხარდამჭერები მის საზღვარგარეთ გადაყვანას მოითხოვენ სამკურნალოდ. იგი ჯანმრთელობის გაუარესების გამო 12 მაისიდან სამედიცინო ცენტრ „ვივამედში“ იმყოფება.

„მივმართავ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტს და ვთხოვ, რომ მან პირადად მიმიღოს, რათა აუდიენცია რაც შეიძლება სწრაფად შედგეს, რადგანაც მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა. ყოველი წუთი მნიშვნელოვანია“, – განაცხადა ხაჭაპურიძემ.

ადვოკატის თქმით, იგი არ აპირებს პრეზიდენტს სააკაშვილის შეწყალება სთხოვოს.
„ამ ეტაპზე ეს საკითხი არ განიხილება. ჩვენ სასჯელის გადავადებას ვითხოვთ... მინდა მას გავაცნო საქმის მასალები, ჯანმრთელობის მდგომარეობა, ასევე ექსპერტების დასკვნა“, – განაცხადა ხაჭაპურიძემ.
პრეზიდენტი: სააკაშვილის შეწყალების უფლება არ მაქვს>>>
როგორც მიმდინარე კვირაში სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეები განხილვის პროცესშია, ამიტომაც მას არ შეუძლია მისი შეწყალება. სააკაშვილის წინააღმდეგ აღძრული ხუთი საქმიდან განაჩენი გამოტანილია ორზე. დანარჩენ საქმეებს პირველი ინსტანციის სასამართლო იხილავს.
მსჯავრდებული ექს-პრეზიდენტის ადვოკატი არ გამორიცხავს, რომ სააკაშვილის წინააღმდეგ საქმეების განხილვის პროცესში ნაფიცი მსაჯულები ჩაერთონ.

„ეს, რა თქმა უნდა, პრეცედენტია. ჯერჯერობით ქართულ მართლმსაჯულებაში სასჯელის გადავადება არ მომხდარა. თუმცა, მას, როგორც თანამდებობის პირს, აქვს უფლება მოითხოვოს, რომ მისი ნებისმიერი საქმე ნაფიცმა მსაჯულებმა განიხილონ", – განაცხადა ხაჭაპურიძემ.

იმის შესახებ, რომ სააკაშვილი მძიმე მდგომარეობაშია და მას სასწრაფოდ ესაჭიროება საზღვარგარეთ გადაყვანა დიაგნოსტიკისა და შემდგომი მკურნალობისთვის, ადრე განაცხადა ფსიქო-სარეაბილიტაციო ცენტრი „ემპათიის“ ხელმძღვანელმა მარიამ ჯიშკარიანმა. მისი თქმით, უკვე თვეებია ვერ ხერხდება ექს-პრეზიდენტის სწორი დიაგნოსტირება და მკურნალობა–რეაბილიტაცია.
სააკაშვილი, რომლის წინააღმდეგაც საქართველოში რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული, სამშობლოში გასული წლის 29 სექტემბერს დაბრუნდა არალეგალურად. საზღვრის უკანონო კვეთის საქმის გარდა, სასამართლო სააკაშვილის წინააღმდეგ იხილავს კიდევ ორ საქმეს. ერთი ეხება 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის ძალადობრივ დარბევას, მეორე – სახელმწიფო სახსრების გაფლანგვას, რომელსაც „პიჯაკების საქმე" უწოდეს.
სააკაშვილს განაჩენი დაუსწრებლად უკვე გამოტანილი აქვს სისხლის სამართლის ორ საქმეზე – გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალებისა და დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემის საქმეებზე.