მსოფლიო დღეს

მოლაპარაკებები გაგრძელდება: ევროკავშირი რუსული ნავთობის ზღვრულ ფასზე ვერ შეთანხმდა

Sputnik
თბილისი, 24 ნოემბერი − Sputnik. რუსულ ნავთობზე მაქსიმალური ზღვრული ფასის დაწესების შესახებ ევროკავშირის ქვეყნებს შორის მოლაპარაკებები, რომელიც 23 ნოემბერს გაიმართა, უთანხმოების გამო ჩიხში შევიდა, იუწყება Bloomberg.
გავრცელებული ინფორმაციით, პოლონეთი და ბალტიისპირეთის ქვეყნები ერთ ბარელზე 65 დოლარს ძალიან მაღალ ფასად მიიჩნევენ, ხოლო დიდი სატანკერო ფლოტის მქონე ქვეყნებს, მათ შორის საბერძნეთსა და მალტას, არ სურთ, რომ ერთი ბარელ ნავთობზე ფასი 70 დოლარზე დაბალი იყოს.
ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნის ელჩებმა დამატებითი მოლაპარაკებები დანიშნეს და მზად არიან 24 ნოემბერს კვლავ შეხვდნენ. ამასთან, დღეს ევროკავშირის ენერგეტიკის მინისტრების შეხვედრაცაა დაგეგმილი, სადაც ბუნებრივ აირზე ფასების შეკავების ზომებზე იმსჯელებენ.

„ჩვენ ვეძებთ გზებს, თუ როგორ შეიძლება იმუშაოს ამან და როგორ ვიპოვოთ საერთო საფუძველი მისი იდეალურად პრაგმატული და ეფექტური გზით განსახორციელებლად. თანაც ისე, რომ თავიდან ავიცილოთ ზედმეტი უხერხულობა ევროკავშირის ქვეყნებისთვის“, − განაცხადა გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა.

ტანკერებით იმპორტირებული რუსული ნავთობის შესყიდვაზე ზღვრული ფასის დაწესების იდეა რამდენიმე თვის წინ წამოაყენა აშშ-ის ფინანსთა მინისტრმა ჯანეტ იელენმა. მისი მიზანია შეუმციროს კრემლს ნავთობის ექსპორტიდან მიღებული შემოსავლები ისე, რომ რუსეთს ნავთობის წარმოებისა და ექსპორტის სტიმული შეუნარჩუნდეს. მოსალოდნელია, რომ ფასების დონე დროთა განმავლობაში კიდევ დარეგულირდეს.
მოსკოვი, თავის მხრივ, აცხადებს, რომ ნავთობს დასავლეთის მიერ ნაკარნახევი ფასებით არ გაყიდის. თუმცა, როგორც Wall Street Journal წერს, ვაშინგტონი ამ განცხადებას კრემლის ბლეფად მიიჩნევს.
იმ შემთხვევაში, თუ ევროკავშირის წევრი ქვეყნები ვერ შეთანხმდებიან რუსულ ნავთობზე ლიმიტირებული ფასის დაწესებაზე, 5 დეკემბრიდან ევროპული სანქციები ამოქმედდება, რომელიც რუსული ნავთობის ტრანსპორტირების დაფინანსებისა და დაზღვევის აკრძალვას ითვალისწინებს. თეთრი სახლი შიშობს, რომ ამან შესაძლოა ნავთობის მსოფლიო ფასების მკვეთრი ზრდა გამოიწვიოს.