თბილისი, 23 ნოემბერი – Sputnik. World Rugby-მ გამოაქვეყნა განახლებული რეიტინგი, რომლის მიხედვით საქართველო, უელსის ნაკრებზე გამარჯვების შემდეგ, ერთი საფეხურით დაწინაურდა და 75,19 ქულით მე-13 პოზიცია დაიკავა.
საქართველოს ნაკრები რეიტინგში იტალიასა (75,95) და ფიჯის (74,84) შუა განთავსდა.
ქართველმა მორაგბეებმა ისტორიული გამარჯვება 19 ნოემბერს მოიპოვეს. მათ კარდიფში უელსის ნაკრები 13:12 დაამარცხეს.
რაც შეეხება საქართველოს მეტოქეებს, უელსი ორი პოზიციით დაქვეითდა და ამჟამად მეცხრე ადგილზეა (79,26 ქულა). ერთი ადგილით უსწრებს მას ავსტრალიის ნაკრები (80,64).
პირველ ხუთეულში არიან: ირლანდია (90,63), საფრანგეთი (90,01), ახალი ზელანდია (88,98), სამხრეთ აფრიკა (88,01) და ინგლისი (84,62).