თბილისი, 23 ნოემბერი - Sputnik. 93 წლის ასაკში გარდაიცვალა საქართველოს სახალხო არტისტი თამარ სხირტლაძე, ინფორმაციას მარჯანიშვილის თეატრი ავრცელებს.
თამარ სხირტლაძე იყო ორგზის სახელმწიფოს პრემიის ლაურეატი, ხელოვნების ქურუმი, სახელობითი ვარსკვლავის მფლობელი, თეატრისა და კინოს მსახიობი. 1949 წელს მან თბილისის კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო აკადემიურ თეატრთან არსებული დრამატული სტუდია დაამთავრა.
თამარ სხირტლაძე და კოტე მახარაძე სპექტაკლში "პირისპირ"
© მარჯანიშვილის თეატრის მუზეუმი
70-მდე როლი ითამაშა სცენაზე: მაყვალა (მ. ბარათაშვილის "მარინე"), ლამაზისეული (ი. ჭავჭვაძის "კაცია-ადამიანი?!"), მზევინარი (ა. ყაზბეგის "მოძღვარი"), მაია (დ. კლდიაშვილის "უბედურება"), მისის პირსი (ბ. შოუს "პიგმალიონი"), გვირისტინე (პ. კაკაბაძის "კოლმეურნის ქორწინება"), გონერილა (უ. შექსპირის "მეფე ლირი"), ეკა (ო. იოსელიანის "ექვსი შინაბერა და ერთი მამაკაცი“).
კინოში გვიან (1971 წ.) გადაიღეს, თუმცა აქაც წარმატებით აეწყო მისი კარიერა, ითამაშა „მოსფილმში“, „ლენფილმში“, 40-მდე როლი ქართულ კინოში, მათ შორის: „წინაპართა მიწა" (დარია, 1979), „დღეს ღამე უთენებია" (მოხუცი ევა, 1983), „ადამიანთა სევდა" (1984), „ფესვები" (1987), „ზვარაკი" (1990), „ლუკას სახარება" (1998), „ნუცას სკოლა" (ნიკას დედა, 2000), „ჯართოსანი"(მართა, 2009), „გული+" (2011), „37-" (2012) და სხვ.
თამარ სხირტლაძე ოთარაანთ ქვრივის როლში, სცენა სპექტაკლიდან "ასი წლის წინათ", 1982
© photo: courtesy of Mardjanishvili Theater
2010 წელს კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრის წინ საზეიმოდ გაიხსნა თამარ სხირტლაძის ვარსკვლავი. 2019 წელს მას მიენიჭა „წლის პერსონის" წოდება. ასევე დაჯილდოებულია საქართველოს თეატრალური საზოგადოებისგან „ლიზა ჩერქეზიშვილის სახელობის ჯილდოთი".