თბილისში ოთარ მეღვინეთუხუცესის ფილმების რეტროსპექტივა გაიმართება

ღონისძიების ორგანიზატორები არიან ეროვნული არქივი და საქართველოს ეროვნული კინოცენტრი.
Sputnik
თბილისი, 22 ნოემბერი — Sputnik. ქართული თეატრისა და კინოს გამოჩენილი მსახიობის ოთარ მეღვინეთუხუცესის მონაწილეობით გადაღებული ფილმების რეტროსპექტივას ეროვნული არქივი 24-27 ნოემბერს უმასპინძლებს. ღონისძიება მსახიობის დაბადებიდან 90 წლის იუბილეს ეძღვნება.
რეტროსპექტივა გაიხსნება 1969 წელს გადაღებული მხატვრული ფილმით „დიდოსტატის მარჯვენა“. ასევე ნაჩვენები იქნება მხატვრული ფილმები: „ვედრება“ (1967, რეჟისორი თენგიზ აბულაძე), „ცოტნე დადიანი“ (1971, რეჟისორი ალექსანდრე ჟღენტი), „ნატვრის ხე“ (1976, რეჟისორი თენგიზ აბულაძე), „მზე შემოდგომისა“ (1973, რეჟისორი თემურ ფალავანდიშვილი) და სხვ.
რეტროსპექტივაზე წარმოდგენილი ფილმები ეროვნული კინოცენტრის ინიციატივით და ეროვნულ არქივთან თანამშრომლობით ციფრულად არის აღდგენილი.
ცასაც კი სჯობდა თვალების ფერით...>>>
ღონისძიების ორგანიზატორები არიან საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივი და საქართველოს ეროვნული კინოცენტრი. ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია.
ოთარ მეღვინეთუხუცესმა საყოველთაო აღიარება მოიპოვა ფილმებით: „დათა თუთაშხია“, „ფატიმა", „ტარიელ გულუა“, „მთვარის მოტაცება", „ნატვრის ხე", „კეთილი ადამიანები", „შემოდგომის მზე", „დიდოსტატის მარჯვენა"; ასევე შესრულებული როლებით მრავალ თეატრალურ სპექტაკლში.
ოთარ მეღვინეთუხუცესი 1932 წლის 16 იანვარს თბილისში დაიბადა. იყო საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (1979), საქართველოს სახელმწიფო პრემიის ორგზის ლაურეატი (1981, 2001), ტოკიოს საერთაშორისო კინოფესტივალის პრიზის ლაურეატი (1991).
მეღვინეთუხუცესი 81 წლის ასაკში 2013 წლის 9 მაისს გარდაიცვალა.
მეღვინუთუხუცესს სახალხო არტისტის წოდება 1979 წელს მიენიჭა, 1981 წელს კი სახელმწიფო პრემიის ლაურეატი გახდა „დათა თუთაშხიაში“ შესრულებული მთავარი როლისთვის.