საქართველოში ახალი სამხედრო ბაზა აშენდება

პირველ ეტაპზე აშენდება შტაბის შენობა, ყაზარმები, სასადილო, ლაზარეთი, სამწყობრო მოედანი, ავტოპარკი და სხვადასხვა დანიშნულების შენობა-ნაგებობები.
Sputnik
თბილისი, 22 ნოემბერი - Sputnik. თბილისიდან 30 კილომეტრში, სოფელ მუხროვანში სპეციალური ოპერაციების ძალების ახალი სამხედრო ბაზა აშენდება, იუწყება საქართველოს თავდაცვის სამინისტრო.
სპეციალური ოპერაციების ძალების ახალი ბაზა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი იქნება და მისი ღირებულება 70 მილიონამდე ლარია. მშენებლობა რამდენიმე ეტაპად ორი წლის განმავლობაში განხორციელდება.
პირველ ეტაპზე აშენდება შტაბის შენობა, ყაზარმები, სასადილო, ლაზარეთი, სამწყობრო მოედანი, ავტოპარკი და სხვადასხვა დანიშნულების შენობა-ნაგებობები.
მეორე ეტაპი ითვალისწინებს სასწავლო, საგანმანათლებლო, სპორტული და რეკრეაციული სივრცეების აშენებასა და ტერიტორიის კეთილმოწყობას. საერთო ჯამში აშენდება 24 ახალი და განახლდება სამი ძველი შენობა.
მანამდე ამ ტერიტორიაზე, სადაც ბაზის აშენება იგეგმება, სატანკო ბატალიონი მდებარეობდა.