15 წლის მოზარდის მკვლელობა ზუგდიდში: ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა

თავადაც არასრულწლოვანმა ბრალდებულმა მოზარდს მკერდის არეში დანით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა.
Sputnik
თბილისი, 21 ნოემბერი – Sputnik. ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ 15 წლის მოზარდის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ არასრულწლოვანს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა, იუწყება „პირველი არხი“.
გამოძიებამ დაადგინა, რომ 20 ნოემბერს ზუგდიდში ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე 15 წლის მოზარდს ცივი იარაღით სხეულზე რამდენიმე სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა. არასრულწლოვანი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.
სასამართლო პროცესი დახურულ ფორმატში გაიმართა.
პროკურორის განმარტებით, ბრალდებულმა აღიარა დანაშაულის ის ნაწილი, სადაც ცივი იარაღის გამოყენებას ჰქონდა ადგილი.
არასრულწლოვანს ბრალი აქვს წარდგენილი სსკ-ის 109-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტით, რომელიც წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.
შსს-ში აღნიშნულ საქმეზე გამოძიება გრძელდება.