„სპეკულაციები უადგილოა" - სააკაშვილი მის შესაძლო მოწამვლაზე

ტოქსიკოლოგიურ გამოკვლევას სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიურო ჩაატარებს.
Sputnik
თბილისი, 21 ნოემბერი – Sputnik. მსჯავრდებულმა ექს-პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მის შესაძლო მოწამვლასთან დაკავშირებით გავრცელებულ განცხადებას სპეკულაცია უწოდა.
სააკაშვილის ადვოკატმა ვალერი გელბახიანმა განაცხადა, რომ ჩატარებული ბიოფსიის შედეგად ექს-პრეზიდენტს ორგანიზმში მომწამვლელი ნივთიერებები აღმოაჩნდა. სააკაშვილის დედამ გიული ალასანიამ ახსენა მძიმე ლითონების არსებობა, მათ შორის ვერცხლისწყალი.

„მინდა განვაცხადო, რომ არასდროს არცერთი ჩემი ადვოკატისთვის არ მითქვამს, რომ ეჭვი მაქვს მოწამვლაზე. სპეკულაციები ამ თემაზე უადგილოა“, – ნათქვამია სააკაშვილის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაში.

ამასთან, ექს-პრეზიდენტმა ექიმებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
„ძალიან ვაფასებ მათ პროფესიულ თანადგომას. ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობა მართლაც უარესდება და განსაკუთრებით დამძიმდა ამ ბოლო ორ თვეში. „ვივამედის“ ექიმები მცდელობას არ აკლებენ. მნიშვნელოვანია, მივენდოთ სპეციალისტებს და ამ საკითხის ზედმეტი პოლიტიზება არ არის საჭირო“, – ნათქვამია განცხადებაში.
როგორც კლინიკა „ვივამედის“ კლინიკურმა დირექტორმა ზურაბ ჩხაიძემ განაცხადა, მისთვის უცნობია, თუ ვინ გაავრცელა სააკაშვილის შესაძლო მოწამვლის შესახებ ინფორმაცია. მისი თქმით, კლინიკა განცხადებას მხოლოდ ტოქსიკოლოგიური კვლევების შედეგების მიღების შემდეგ გააკეთებს.

„ტოქსიკოლოგიურ კვლევას რაც შეეხება, არაერთგზის გვაქვს ჩატარებული, ახალი დასკვნა არ მიგვიღია. მივიღებთ დასკვნას, გავეცნობით და ამის შემდეგ გავაკეთებთ განცხადებას“, – განაცხადა ჩხაიძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში.

„ვივამედის“ დირექტორის თქმით, კლინიკა აკეთებს მაქსიმუმს სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გასაუმჯობესებლად.
გუშინ იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ განაცხადა, რომ უწყება ორშაბათს სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს მიმართავს, რათა ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზა ჩაუტარდეს და საზოგადოებამ ამომწურავი ინფორმაცია მიიღოს.
რატი ბრეგაძე: სპეკულაცია სააკაშვილის ჯანმრთელობის თემით არაეთიკურია>>>
მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა 50-დღიანი შიმშილობის შემდეგ გაუარესდა, რომელიც მან დაპატიმრებისთანავე, 2021 წლის 1 ოქტომბერს გამოაცხადა. ექს-პრეზიდენტის ოჯახი და მისი მხარდამჭერები მის საზღვარგარეთ გადაყვანას მოითხოვენ სამკურნალოდ.
გუშინ მთავრობის კანცელარიის შენობის წინ სააკაშვილის სამკურნალოდ უცხოეთში გადაყვანის მოთხოვნით აქცია გაიმართა. ამ მოთხოვნით აქცია გაიმართება 23 ნოემბერსაც.
იმის შესახებ, რომ სააკაშვილი მძიმე მდგომარეობაშია და მას სასწრაფოდ ესაჭიროება საზღვარგარეთ გადაყვანა დიაგნოსტიკისა და შემდგომი მკურნალობისთვის, მანამდე განაცხადა ფსიქო-სარეაბილიტაციო ცენტრი „ემპათიის“ ხელმძღვანელმა მარიამ ჯიშკარიანმა. მისი თქმით, უკვე თვეებია ვერ ხერხდება ექს-პრეზიდენტის სწორი დიაგნოსტირება და მკურნალობა–რეაბილიტაცია.
ჯანმრთელობის გაუარესების გამო მსჯავრდებული სააკაშვილი რუსთავის №12 სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან სამედიცინო ცენტრ „ვივამედში“ 12 მაისს გადაიყვანეს.
სააკაშვილი, რომლის წინააღმდეგაც საქართველოში რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული, სამშობლოში გასული წლის 29 სექტემბერს დაბრუნდა არალეგალურად. საზღვრის უკანონო კვეთის საქმის გარდა, სასამართლო სააკაშვილის წინააღმდეგ იხილავს კიდევ ორ საქმეს. ერთი ეხება 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის ძალადობრივ დარბევას, მეორე – სახელმწიფო სახსრების გაფლანგვას, რომელსაც „პიჯაკების საქმე" უწოდეს.
სააკაშვილს განაჩენი დაუსწრებლად უკვე გამოტანილი აქვს სისხლის სამართლის ორ საქმეზე – გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალებისა და დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემის საქმეებზე.