თბილისი, 21 ნოემბერი − Sputnik. პოლონეთის ხელისუფლებამ მიიღო გერმანიის წინადადება ქვეყანაში დამატებითი სარაკეტო თავდაცვის სისტემა Patriot-ის განთავსების შესახებ, განაცხადა რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრმა მარიუშ ბლაშაკმა.
მისი თქმით, ანტისარაკეტო სისტემის დადგმა პოლონეთი–უკრაინის საზღვარზე იგეგმება.
„სიამოვნებით დავთანხმდი გერმანიის თავდაცვის მინისტრის შეთავაზებას ჩვენს ქვეყანაში რაკეტა Patriot-ის დამატებითი გამშვები დანადგარების განლაგების შესახებ. გერმანულ მხარესთან დღევანდელი სატელეფონო საუბრისას მე შევთავაზებ მათ, რომ სისტემა უკრაინასთან საზღვარზე განთავსდეს“, − დაწერა ბლაშაკმა Twitter-აკაუნტზე.
მანამდე გერმანიის თავდაცვის მინისტრმა კრისტინ ლამბრეხტმა განაცხადა, რომ ბერლინმა ვარშავას ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემა Patriot-ის გადაცემა შესთავაზა, რათა ქვეყანამ საკუთარი საჰაერო სივრცის დაცვა შეძლოს.
აღნიშნული საკითხი აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც 15 ნოემბერს უკრაინის საზღვართან მდებარე პოლონურ სოფელ პრჟევოდუვში რაკეტა ჩამოვარდა და ორი ადამიანი დაიღუპა. ვარშავამ და ვაშინგტონმა განაცხადეს, რომ სოფელს უკრაინული საჰაერო თავდაცვის სისტემის რაკეტის ფრაგმენტები დაეცა, რასაც პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი არ ეთანხმებოდა.