თბილისი, 21 ნოემბერი − Sputnik. გერმანიამ პოლონეთს ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემა Patriot-ის გადაცემა შესთავაზა, რათა ქვეყანამ საკუთარი საჰაერო სივრცის დაცვა შეძლოს, განაცხადა გერმანიის თავდაცვის მინისტრმა კრისტინ ლამბრეხტმა.
ბერლინმა ეს მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც გასულ კვირაში პოლონეთის ტერიტორიაზე რაკეტა ჩამოვარდა და ორი ადამიანი იმსხვერპლა.
გარდა ამისა, როგორც გერმანიის ხელისუფლება აცხადებს, ვარშავას ქვეყნის საჰაერო სივრცის დაცვაში გამანადგურებელ Eurofighter-ებითაც დაეხმარება.
„ჩვენ შევთავაზეთ პოლონეთს დახმარება საჰაერო სივრცის დაცვაში − ჩვენი გამანადგურებლებით Eurofighter-ით და რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემა Patriot-ით“, − აღნიშნა ლამბრეხტმა.
ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის ისეთი სისტემები, როგორიცაა კომპანია Raytheon-ის მიერ წარმოებული Patriot, მოახლოებული რაკეტების ჩაჭერისთვისაა განკუთვნილი.
როგორც აღინიშნება, ამ დროისათვის გერმანიის არმიას Patriot-ის 12 კომპლექტი აქვს, რომელთაგან ორი სლოვაკეთშია განთავსებული.