თბილისი, 21 ნოემბერი – Sputnik. საქართველოს იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ განაცხადა, რომ უწყება ორშაბათს სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს მიმართავს, რათა ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზა ჩაუტარდეს და საზოგადოებამ ამომწურავი ინფორმაცია მიიღოს.
სააკაშვილის ერთ-ერთმა ადვოკატმა ვალერი გელბახიანმა განაცხადა, რომ ჩატარებული ბიოფსიის შედეგად ექს-პრეზიდენტს ორგანიზმში მომწამვლელი ნივთიერებები აღმოაჩნდა. სააკაშვილის დედამ გიული ალასანიამ ახსენა მძიმე ლითონების არსებობა, მათ შორის, ვერცხლისწყალი. სხვა დეტალების გამოქვეყნებას ამ დღეებში უნდა ველოდოთ.
„იმისთვის, რომ საზოგადოებას არ დარჩეს არცერთი კითხვის ნიშანი და ამავდროულად სახელმწიფომ გააკეთოს მაქსიმუმი, ჩვენ ხვალ, დილით მივმართავთ სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს, რომ ჩატარდეს ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზა და საზოგადოებას ჰქონდეს სრული და ამომწურავი ინფორმაცია მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ“, – განუცხადა ბრეგაძემ ჟურნალისტებს.
ამასთან, ბრეგაძემ ყველას მოუწოდა, თავი შეიკავონ შეუმოწმებელი და უსაფუძვლო ინფორმაციების გავრცელებისგან აღნიშნულ საკითხზე.
„მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა გააკეთა განცხადება სააკაშვილის შესაძლო მოწამვლის შესახებ. ჩვენ მოვუწოდებთ ნებისმიერ პირს, რომელიც მსგავსი ტიპის ინფორმაციას ავრცელებს, პირველ რიგში გადაამოწმონ ეს ინფორმაცია და წარმოადგინონ შესაბამისი მტკიცებულებები“, – განაცხადა ბრეგაძემ.
სააკაშვილის მომხრეები და მისი ოჯახი ექს-პრეზიდენტის გათავისუფლებას ითხოვენ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო. ჯანმრთელობის პრობლემები მას 50-დღიანი შიმშილობის შემდეგ შეექმნა.
კვირას მთავრობის კანცელარიასთან სააკაშვილის სამკურნალოდ საზღვარგარეთ გადაყვანის მოთხოვნით აქცია ჩატარდა. კიდევ ერთი აქცია 23 ნოემბერს არის დაგეგმილი.