მსოფლიო დღეს

ყაზახეთში ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს

ყაზახეთში საპრეზიდენტო ვადა 5 წლიდან 7 წლამდე გაიზარდა, ხოლო სახელმწიფოს მეთაურს უფლებამოსილების დასრულების შემდეგ ხელახალი არჩევის უფლება აღარ აქვს.
Sputnik
თბილისი, 20 ნოემბერი - Sputnik. ყაზახეთში დღეს ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები იმართება.
საერთო ჯამში, ქვეყანაში 10 ათასზე მეტი საარჩევნო უბანია, მათმა უმრავლესობამ მუშაობა დილის 7 საათზე (თბილისის დროით 5 საათზე) დაიწყო. ხმის მიცემა დასრულდება 20:00 საათზე (თბილისის დროით 18:00 საათზე). საარჩევნო უბნები უცხოეთშიც გაიხსნა.
პრეზიდენტობისთვის ექვსი კანდიდატი იბრძვის, მათ შორის სახელმწიფოს მოქმედი მეთაური კასიმ-ჟომარტ ტოკაევი. ხმის მიცემის ბიულეტენი ასევე შეიცავს პუნქტს „ყველას წინააღმდეგ“.
არჩევნების შედეგების შეჯამებისა და გამოქვეყნებისთვის, ასევე ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ არჩეული პრეზიდენტის რეგისტრაციისთვის შვიდი დღეა გათვალისწინებული.
ყაზახეთის მოქმედმა პრეზიდენტმა ხელი მოაწერა განკარგულებას სექტემბერში ვადამდელი არჩევნების დანიშვნის შესახებ. მანამდე მან ხელი მოაწერა საკონსტიტუციო ცვლილებებს, რომელთა მიხედვითაც საპრეზიდენტო ვადა 5 წლიდან 7 წლამდე გაიზრდება. ამასთან, სახელმწიფოს მეთაურს უფლებამოსილების დასრულების შემდეგ ხელახალი არჩევის უფლება აღარ აქვს.