თბილისი, 20 ნოემბერი - Sputnik. 2023 წლის ბოლომდე საქართველოს პარლამენტის დარგობრივი კომიტეტი წარადგენს კანონს „ტურიზმის შესახებ“, რომელიც ტურისტული კომპანიებისა და გიდებისთვის ახალი წესების შემოღებას გულისხმობს, განაცხადა კომიტეტის ხელმძღვანელმა დავით სონღულაშვილმა.
საქართველოში „ტურიზმის შესახებ“ კანონი 1997 წელს მიიღეს და მას შემდეგ მასში მხოლოდ მცირე ცვლილებები განხორციელდა.
როგორც სონღულაშვილმა განაცხადა, დოკუმენტზე მუშაობა პრაქტიკულად დასრულებულია, მისი ინიცირება წლის ბოლომდე მოხდება. კანონპროექტის განხილვა და დამტკიცება მომავალი წლის გაზაფხულის სესიაზე მოხდება.
მისი თქმით, კანონპროექტი სრულად შეესაბამება ევროპულ კანონმდებლობას და ახალი წესების მიხედვით, ტურისტებთან მომუშავე ყველა კომპანიას ოფიციალური რეგისტრაციის გავლა მოუწევს.
ეს ეხება არა მხოლოდ ტუროპერატორებს, არამედ გიდებს, გამცილებლებს და პირებს, რომლებიც კომბინირებულ მომსახურებას ეწევიან.
რაც შეეხება გიდებს, სონღულაშვილის თქმით, მათთვის სერტიფიცირება ნებაყოფლობითი დარჩება, მაგრამ სერტიფიკატის მქონე გიდები მიიღებენ სპეციალურ სამკერდე ნიშნებს და ექნებათ უფლება განახორციელონ ტურები მთელი ქვეყნის მასშტაბით, მათ შორის იქ, სადაც სერტიფიკატის გარეშე გიდებს ეკრძალებათ შესვლა.
დარგის კომიტეტის ხელმძღვანელმა ასევე აღნიშნა, რომ ახალი კანონი დაიცავს მომხმარებელთა უფლებებს და კომპენსაციის საკითხს.