განხეთქილება „ნაცმოძრაობაში“: მელია პარტიაში რჩება

„ნაციონალურ მოძრაობაში“ განხეთქილებამ პიკს ნოემბრის დასაწყისში მიაღწია, როდესაც ლიდერების ნაწილი ნიკა მელიას ღიად დაუპირისპირდა და პარტიის ხელმძღვანელობის შეცვლა მოითხოვა.
Sputnik
თბილისი, 19 ნოემბერი – Sputnik. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მოქმედმა თავმჯდომარემ ნიკა მელიამ განაცხადა, რომ აპირებს დარჩეს პარტიაში ხელმძღვანელობის არჩევნების დასრულებამდე.
„ნაციონალურ მოძრაობაში“ განხეთქილებამ პიკს ნოემბრის დასაწყისში მიაღწია, როდესაც ლიდერების ნაწილი ნიკა მელიას ღიად დაუპირისპირდა და პარტიის ხელმძღვანელობის, მათ შორის თავმჯდომარის შეცვლა მოითხოვა.
„მე ამ პარტიაში ვარ 2013 წლიდან, მაშინ, როდესაც პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ არ განიცდიდა საკუთარ საუკეთესო წლებს. ჩემი ცხოვრების საუკეთესო წლები, გააზრებულად მივუძღვენი ამ პარტიას და ვაპირებ მომავალშიც დავიხარჯო ამ პარტიის განვითარებისთვის. ჩემთვის მნიშვნელოვანია პარტიის ამომრჩევლების და მხარდამჭერების, წევრების პოზიცია, ეს განსაზღვრავს ყველაფერს და დაველოდოთ ამ პროცესს“, – განაცხადა მელიამ.
მისი თქმით, სწორედ მხარდამჭერებსა და ამომრჩევლებზეა დამოკიდებული, ვინ გახდება პარტიის ახალი თავმჯდომარე და ის ლიდერობისთვის იბრძოლებს.
„ვის მიიჩნევენ ღირსეულ კანდიდატად და ვინ გაუძღვება „ნაციონალურ მოძრაობას“ ეს მხოლოდ და მხოლოდ პარტიის მხარდამჭერების გადასაწყვეტია. ვფიქრობ, ამას უახლოეს პერიოდში ვიხილავთ“, - განაცხადა მელიამ.
ამასთან ის დარწმუნებულია, რომ პარტიის მხარდამჭერები სწორ არჩევანს გააკეთებენ.
ნიკა მელია
„ნაცმოძრაობაში“ ბოლო დღეებში ვნებათაღელვა არ ცხრება. მიმდინარეობს ღია ბრძოლა ორ ბანაკს შორის - ამჟამინდელი ლიდერის, ნიკა მელიას თავშეკავებული პოლიტიკის მომხრეებსა და „ძველ გვარდიას“ შორის, რომელსაც სათავეში დავით კირკიტაძე და ლევან ხაბეიშვილი უდგას. ხაბეიშვილმა 16 ნოემბერს განაცხადა, რომ პარტიის თავმჯდომარის პოსტზე კენჭს იყრის.
იმავდროულად, ექსპერტები და პოლიტიკოსები მიიჩნევენ, რომ ორ ბანაკს შორის ბრძოლა არ უკავშირდება პარტიულ პოლიტიკას, არამედ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის მზადებასა და პარტიული სიების შედგენას.
პარტიულ სიაში ლიდერების რიგითობას დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან საპარლამენტო არჩევნები პროპორციული სისტემით ჩატარდება და პარტიის მიერ მიღებული ხმები განსაზღვრავს, ვინ იქნება დეპუტატი. რაც უფრო დაბალია ეს რიგითი ნომერი, მით მეტია საკანონმდებლო ორგანოში მოხვედრის ალბათობა.
განხეთქილების ნიშნები
მთავარ ოპოზიციურ პარტიაში კონფლიქტზე და თავმჯდომარის შესაძლო შეცვლაზე პირველად კულუარებში 2021 წელს, საქართველოში ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დაბრუნების შემდეგ ალაპარაკდნენ.
„ნაცმოძრაობა“ პოლიტსაბჭოს ერთ-ერთმა წევრმა დატოვა>>>
ე.წ. ძველი გვარდია და სააკაშვილის მხარდამჭერები უკმაყოფილო დარჩნენ პარტიის მოქმედებით ყოფილი პრეზიდენტის დაკავების შემდეგ და მასმედიასთან არაერთხელ განაცხადეს, რომ პარტია უფრო აქტიური უნდა ყოფილიყო დამფუძნებლის გათავისუფლების საკითხში.
ამასთან, ნიკა მელიას, მართალია, აცხადებდა, რომ სააკაშვილის გათავისუფლება მისთვის პრიორიტეტია, ხშირი კონტაქტი მასთან არ ჰქონია. პარტიას არც პარლამენტი დაუტოვებია და არ გადაუდგამს რადიკალური ნაბიჯები ექს-პრეზიდენტის მოწოდებების მიუხედავად.
„ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ ბოლო ერთი წლის განმავლობაში პოზიციები შესამჩნევად დათმო. ბოლო გამოკითხვების მიხედვით, მისი მხარდაჭერა 7%-დან 12%-მდე მერყეობს, 2022 წლის დასაწყისში კი 9-15%-ის დონეზე იყო.