მსოფლიო დღეს

ვარშავა სარაკეტო ინციდენტის გამოძიების შედეგებს უახლოეს დღეებში ელოდება

Sputnik
თბილისი, 18 ნოემბერი — Sputnik. ვარშავა პირობას დებს, რომ რაც შეიძლება მალე გამოიძიებს პოლონეთის ტერიტორიაზე მომხდარ სარაკეტო ინციდენტს, რომელმაც ორი ადამიანი იმსხვერპლა, იუწყება CNN.
როგორც ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა ლუკაშ იასინამ განუცხადა გამოცემას, გამოძიება სტაბილურად მიიწევს წინ და ქვეყნის ხელისუფლება მის შედეგებს უახლოეს დღეებში ელოდება.
ამასთან იასინამ აღნიშნა, რომ შემთხვევის ადგილზე უკრაინელი ექსპერტებიც დაიშვებიან, თუმცა ჯერ გარკვეული სამართლებრივი შეთანხმებები უნდა გაფორმდეს, რათა „მათი ექსპერტიზისთვის კარგი სივრცე შეიქმნას“.
მანამდე პოლონეთის პრეზიდენტმა ანჯეი დუდამ ასევე განაცხადა, რომ უკრაინის წარმომადგენლებს მიეცათ საშუალება, დააკვირდნენ გამოძიების მიმდინარეობას.

„თუმცა, როდესაც საქმე ეხება პროცედურებში მონაწილეობას, ინფორმაციასა და დოკუმენტებზე წვდომას, საჭიროა არსებობდეს გარკვეული სახელშეკრულებო საფუძველი — საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო შეთანხმებების სფეროში“, — აღნიშნა პოლონეთის ლიდერმა.

ნატოს წევრი სახელმწიფოს ტერიტორიაზე რაკეტის ჩამოვარდნამ დასავლელი ლიდერების შეშფოთება გამოიწვია. შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, გაეროს გენერალურმა მდივანმა, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ხელმძღვანელმა, რამდენიმე ევროპული სახელმწიფოს მეთაურმა განაცხადეს, რომ, წინსაწარი ინფორმაციით, პოლონეთში ჩამოვარდნილი რაკეტა უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემიდან იყო გაშვებული რუსული რაკეტის ჩასაჭერად, მაგრამ მიზანს ასცდა. თუ სად ჩამოვარდა ასეთ შემთხვევაში რუსული რაკეტა, ამის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება.
ამასთან უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი დარწმუნებულია, რომ რაკეტა, რომელიც პოლონეთის სოფელ პრჟევოდუვში ჩამოვარდა, უკრაინული არ იყო.