თბილისი, 18 ნოემბერი — Sputnik. ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) მმართველთა საბჭო მოუწოდებს რუსეთს, უარი თქვას ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ფლობაზე უსაფუძვლო პრეტენზიებზე, ნათქვამია სააგენტოს რეზოლუციაში.
დოკუმენტის თანახმად, IAEA-ს მმართველთა საბჭო სერიოზულ შეშფოთებას გამოთქვამს იმასთან დაკავშირებით, რომ რუსეთის ფედერაციამ არ გაითვალისწინა საბჭოს მოწოდებები, შეეწყვიტა უკრაინის ბირთვულ ობიექტებზე ყოველგვარი მოქმედებები და კვლავ სთხოვს რუსეთს, გააკეთოს ეს დაუყოვნებლივ.
„მმართველთა საბჭო... გმობს და არ აღიარებს რუსეთის ფედერაციის მცდელობებს, დაისაკუთროს უკრაინის ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური და მოახდინოს უკრაინის ტერიტორიის უკანონო ანექსია, რომელზეც მდებარეობს ეს სადგური <...> და მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, დაუყოვნებლივ თქვას უარი ამ სადგურის მიმართ უსაფუძვლო პრეტენზიებზე“, — ნათქვამია რეზოლუციის ტექსტში.
რუსეთში მიაჩნიათ, რომ IAEA-ს მიერ 17 ნოემბერს მიღებული რეზოლუცია „არის არაპროფესიულად შედგენილი, რომელიც სააგენტოს მანდატის ფარგლებს სცდება და ფაქტობრივ შეცდომებს შეიცავს“.
გავრცელებული ინფორმაციით, სააგენტოს რეზოლუციას მხარი არ დაუჭირეს ჩინეთმა და საკუთრივ რუსეთმა, თავი შეიკავეს ვიეტნამმა, ინდოეთმა, კენიამ, ნამიბიამ, პაკისტანმა, საუდის არაბეთმა და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკამ. ბურუნდისა და ლიბიის დელეგაციები კენჭისყრაში არ მონაწილეობდნენ.
ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური მდებარეობს მდინარე დნეპრის მარცხენა ნაპირზე, ქალაქ ენერგოდართან. ბლოკების მიხედვით ეს ევროპაში ყველაზე დიდი და ყველაზე ძლიერი ატომური ელექტროსადგურია. რუსი სამხედროები სადგურზე მიმდინარე წლის მარტიდან იმყოფებიან. როგორც მოსკოვი აცხადებს, ეს აუცილებელია ბირთვული და რადიოაქტიური მასალების გაჟონვის თავიდან ასაცილებლად.